ტარიელ ხეჩიკაშვილი - სპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს #1TVSPORT
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლები, პრეზიდენტ ტარიელ ხეჩიკაშვილის ხელმძღვანელობით, გორში იმყოფებოდნენ.
ისინი საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ნუგზარ სხირელის სახელობის ტურნირის ფინალურ შეხვედრას დაესწრნენ და გამორჩეული მოჭიდავეები სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს. ამავე დროს, ფონდის ხელმძღვანელები ასევე საფეხბურთო კლუბ „გორის“ ფეხბურთელებს შეხვდნენ და სპორტული ინვენტარი და ეკიპირება გადასცეს.
„ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტი რეგიონებში სპორტის ხელშეწყობაა. ჩვენ უნდა გავეცნოთ იმ საჭიროებებს, რაც რაიონებში არსებობს და დავეხმაროთ. უკვე არაერთ რეგიონში ვიყავით. გორი სპორტული მიღწევებით გამორჩეულია მთელს რეგიონში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ნუგზარ სხირელის სახელობის ტურნირი საერთაშორისო გახდეს. ეს მისი ხსოვნისადმი ჩვენი პატივიცემის გამოხატულება იქნება. რაც შეეხება გორის საფეხბურთო სკოლაში სტუმრობას, ბავშვებს ფორმები გადავეცით. ამ პროგრამების მთავარი ამოცანაა, რომ სპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს“, – ამბობს ტარიელ ხეჩიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ფონდი ზაფხულში დაფუძნდა და მას შემდეგ სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით რამდენიმე პროექტი და პროგრამა დააფინანსა, ხოლო სპორტსმენებსა და გუნდებს ინვენტარით და ფორმებით დაეხმარა.
ასეთი სახის ღონისძიებებს ფონდი მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს – ორგანიზაციის მთავარი ამოცანაა ნიჭიერი სპორტსმენების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერაა. ასევე ხელშეწყობა, რომ სპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.