ტარიელ ხეჩიკაშვილი - შეიძლება, გიორგი შაქარაშვილი სადღაც არის, თავს აფარებს, მინდა, ვთხოვო, გამოჩნდეს
ტარიელ ხეჩიკაშვილი - შეიძლება, გიორგი შაქარაშვილი სადღაც არის, თავს აფარებს, მინდა, ვთხოვო, გამოჩნდეს

მცხეთის პოლიციასთან იმყოფებოდა საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი. მისი თქმით, პოლიციის განყოფილებაში ინფორმაციის გასარკვევად მივიდა.

როგორც ტარიელ ხეჩიკაშვილი აცხადებს, შესაძლებელია, გიორგი შაქარაშვილი თავს სადმე აფარებდეს.

„ყველა ერთად განვიცდით. ვცდილობთ და იმედი გვაქვს, გიორგი გამოჩნდება. პირველი საზრუნავი ახლა ეს არის. მინდა, მადლობა გადავუხადო ძალოვნებს, რომ ყველაფერს აკეთებენ მის მოსახებნად. გამოძიების დეტალები არ ვიცი. მოვედი, რომ გამეგო ინფორმაცია. ყველას აქვს იმედი, რომ გიორგი გამოჩნდება. არის ასეთი შემთხვევები, რომ ამ ასაკის ადამიანებს კონფლიქტის შემდეგ აქვთ ხოლმე შიში, მორიდება და შეიძლება, სადღაც არის, თავს აფარებს. მინდა, ვთხოვო, რომ გამოჩნდეს და დაუბრუნდეს ოჯახს. ახლა მთავარი საზრუნავია, რომ გიორგი ვიპოვოთ. იმედი გვაქვს, რომ გიორგი ცოცხალია. არ გამოკვეთილა მიზეზი, რომლითაც შეიძლება, დადგინდეს, რომ რაღაც უბედური შემთხვევა მოხდა“, – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით მცხეთის პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს. გამოკითხვაზე იმყოფებიან ის ადამიანები, რომლებიც შაქარაშვილთან ერთად აგარაკზე იმყოფებოდნენ.

მცხეთაში, „საბურთალოს“ აკადემიის წევრის, დაკარგული გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვარსა და არაგვზე მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 20 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზაჰესის დამბის გახსნის და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვის შესახებ, რამაც გამოიწვია მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევა.