ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით მცხეთის პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით მცხეთის პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით მცხეთის პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს. გამოკითხვაზე იმყოფებიან ის ადამიანები, რომლებიც შაქარაშვილთან ერთად აგარაკზე იმყოფებოდნენ.

მცხეთის პოლიციასთან იმყოფება შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე, რომელიც არ გამორიცხავს, რომ გიორგი შაქარაშვილი სადმე აფარებდეს თავს.

„დაპირისპირება ჩვენთვის არის ნაკლებად მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი შვილის კვალი სადაც იკარგება, ჩვენ ვართ ორიენტირებული იმ მოვლენაზე, იქამდე მოხდა თუ არა რამე გაურკვევლობა. ეს გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელი არ არის იმ თვალსაზრისით, რომ შემდგომში, გიორგის დაცილების მომენტი არის ამოსავალი წერტილი. ბოლო კვალი არის მდინარე არაგვის ძირში, სადაც რაღაცები არის ნაპოვნი. გვიჩნდება ვარაუდის საფუძველი, რომ შეიძლება არ გვქონდეს ტრაგიკულ მოვლენასთან საქმე.
ცოტა რთულია, მაგრამ ვერსიის, რომ ბავშვი არც მდინარეში არის ტრაგიკულად დაღუპული და არც ფიზიკური დაპირისპირების დროს, ამის ალბათობა ჩემი აზრით 80% არის. საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ბავშვი არის შოკში და სადმე შეაფარა თავი“,- განაცხადა გიორგი შაქარაშვილის ბიძამ.

მცხეთაში, „საბურთალოს“ აკადემიის წევრის, დაკარგული გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვარსა და არაგვზე მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 20 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზაჰესის დამბის გახსნის და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვის შესახებ, რამაც გამოიწვია მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევა.