ტარიელ ხეჩიკაშვილი - მზად ვარ, ნაძალადევში მდებარე სტადიონის გადარჩენაში საკუთარი წვლილი შევიტანო #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბ „იბერიას“ პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ მზადაა, ნაძალადევში მდებარე ე.წ. „ფეიქრების“ სტადიონის (მეტრო „გოცირიძესთან“ მდებარეობს) გადარჩენაში თავისი წვლილი შეიტანოს.
„ნაძალადევში, ტრიკოტაჟის ფაბრიკის ტერიტორიაზე მდებარეობს ისტორიული სტადიონი, ე.წ. „ფეიქრები“, სადაც ქართული ფეხბურთის ლეგენდები და ცნობილი წარმომადგენლები, მანუჩარ და გოჩა მაჩაიძეები, ალექსანდრე ჩივაძე, სერგო შუდრა, გელა კეტაშვილი, გიორგი ნემსაძე გაიზარდნენ.
მეც ამ სტადიონზე ვვარჯიშობდი და გული მწყდება, რომ „ფეიქრები“ ფეხბურთისთვის, ფაქტობრივად, დაკარგულია. წლების წინ ფაბრიკა გასხვისდა, შესაბამისად, სტადიონის ტერიტორიაც სამშენებლო კომპანიას გადაეცა. ამიტომ ჩემი წინადადებაა ვეტერანი ფეხბურთელებისადმი – გააკეთონ მიმართვა, რომ სტადიონის ტერიტორიის მფლობელს ადგილმონაცვლეობის პრინცით სხვა ტერიტორია გადასცენ და ეს ისტორიული არენა გადავარჩინოთ.
დღეს საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად ბევრი რამ კეთდება, ფეხბურთის ფედერაციამ ბევრი სტადიონი დაიბრუნა და იმედი მაქვს, რომ ასეთი შეთანხმება „ფეიქრების“ სტადიონის შემთხვევაშიც შესაძლებელია. თუკი ასე მოხდება, მზად ვარ, ახალი სტადიონის მშენებლობაში ჩემი წვლილი შევიტანო“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ტარიელ ხეჩიკაშვილმა.