ტარიელ ხეჩიკაშვილი - არ მინდა, ჩემი გუნდის ცოდნა, გამოცდილება და ძალიან კარგი კავშირები დაიკარგოს, ფონდი ამიტომ დავაფუძნეთ #1TVSPORT
ტარიელ ხეჩიკაშვილი - არ მინდა, ჩემი გუნდის ცოდნა, გამოცდილება და ძალიან კარგი კავშირები დაიკარგოს, ფონდი ამიტომ დავაფუძნეთ #1TVSPORT

რა არის სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მიზანი, რომელიც ბოლო დროს სარბიელზე გამოჩნდა და ათასგვარი ღონისძიების დამფინანსებლად მოგვევლინა? – ამ კითხვაზე ფუტსალის გუნდ „ჯორჯიანსთან“ (ყოფილი „თელასი-ჯორჯიანსი“) მემორანდუმის გაფორმებისას ფონდის ხელმძღვანელმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ილაპარაკა.

„ეს კითხვა ბევრს უჩნდება და მიხარია, რომ დამისვით. მესმის, რომ ათასგვარი ვარაუდია. მაგრამ გეტყვით, ფონდის დაფუძნება რატომ გადავწყვიტეთ. ცივილიზებული ურთიერთობების რაღაც ფორმები უნდა დავამკვირდოთ და ევროპაში მიღებული მოდელები გამოვიყენოთ, რომლითაც განვითარდნენ. ქართულ სპორტს რეალურად ასე დავეხმარებით. ეს სპორტში მეტ კერძო ინვესტორს გულისხმობს. ფონდში შემოსული მთელი თანხა კი სპორტს, სპორტსმენებს და რეინვესტირებას მოხმარდება“, – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილმა მინისტრმა გამოცდილი კადრების კავშირების და გამოცდილების გამოყენების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„სამწუხაროდ, ჩვენთან თანამდებობების შემდეგ ხალხი სპორტის სამსახურში თითქმის არ რჩება. სპორტის მინისტრობის დროს ისეთი პროფესიონალები გავიცანი, რომლებსაც დიდი ცოდნა, გამოცდილება და ძალიან კარგი კავშირები გააჩნიათ. ახლა ეს ხალხი სახელმწიფო სტრუქტურებში აღარ არიან, მაგრამ ქართული სპორტის განვითარებაში თავისი წვლილის შეტანა შეუძლიათ. არ მინდა, ჩემი გუნდი და ეს უდიდესი ცოდნა, გამოცდილება და კავშირები დაიკარგოს. პირადად ჩემთვის სპორტისადმი სიყვარულს თანამდებობა არ განსაზღვრავდა და ფონდი ამიტომაც დაარსდა. ჩვენ ისევ ქართულ სპორტს უნდა ვემსახუროთ და ამით სახელმწიფოს რაღაცით უნდა შევეხიდოთ“, – აცხადებს ხეჩიკაშვილი.

მისი თქმით, ფონდი უახლოეს პერიოდში საინტერესო პროექტებს გეგმავს.

„ჩვენ სხვადასხვა სახეობებთან თანამშრომლობას ვაპირებთ. იგეგმება საერთაშორისო დონის ხელშეკრულებაც, რომელიც დიდი სიურპრიზი იქნება. აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან საინტერესო პროექტები განვიხილეთ. ჩვენი ერთ-ერთი პროექტი მედიას უკავშირდება, უცხოეთში ქართველი სპორტსმენების გამოსვლები უკეთ რომ გაშუქდეს“.