ტარიელ კაკაბაძე - პროკურატურა ეყრდნობა ადამიანის ინფორმაციას, რომელმაც დაახლოებით 10-ჯერ შეცვალა ჩვენება
ტარიელ კაკაბაძე - პროკურატურა ეყრდნობა ადამიანის ინფორმაციას, რომელმაც დაახლოებით 10-ჯერ შეცვალა ჩვენება

პროკურატურა ეყრდნობა ადამიანის ინფორმაციას, რომელმაც დაახლოებით 10-ჯერ შეცვალა ჩვენება, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის გ.ჯ-ს ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა. საუბარია ბრალდების მხარის ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე, მიხეილ კალანდიაზე.

ადვოკატის თქმით, ორივე მსჯავრდებულმა არასრულწლოვანმა დღევანდელ დასკვნით სხდომაზე ისაუბრა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც მისი თქმით, მტკიცდება საქმის სხვა მტკიცებულებებით.

„ჩვენი პოზიცია დასაბუთებულია – ბრალდება ეყრდნობა ერთადერთი მოწმის ჩვენებას, რომელმაც სამჯერ შეცვალა ჩვენება და შეცდომაში შეიყვანა გამოძიება. ადამიანმა ჩვენება ჯამში 10-ჯერ შეცვალა და თქვა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, დანაშაულის რეალურად ჩამდენი პირები არიან თავისუფლებაში და ხდება გადაბრალება. თუ სასამართლო პრინციპული იქნება, მაქვს მოლოდინი, დაკმაყოფილდება დაცვის საჩივარი. შვიდ დღეში გავიგებთ, რა განაჩენი გამოიტანა სააპელაციო სასამართლომ”, – განაცხადა ადვოკატმა.

საქმის პროკურორი კი, ამბობს, რომ მიხეილ კალანდიას ჩვენება თანხვედრაშია დანარჩენ მტკიცებულებებთან.

„დაცვის მხარე საქმის განხილვის განმავლობაში მიუთითებდა, რომ წარმოადგენდა ექსპერტიზის დასკვნებს და მოწმეს, თუმცა ვერ უზრუნველყო და ვერ მოიყვანა მოწმე, ასევე ვერ წარმოადგინა დასკვნა. დაცვის მხარემ მისი პოზიცია დააფუძნა ვარაუდებზე. ლოგიკური იქნება ის გადაწყვეტილება, რომელსაც ბრალდება ითხოვს.
მ.კ.-ს ჩვენება თანხვედრაში მოდის სასამართლოში გამოკვლეულ ყველა სხვა მტკიცებულებასთან და ბრალდებულების და დაცვის მხარის პოზიცია ცალსახად აცდენილია ამ რეალობასთან”, – განაცხადა თორნიკე ნადირაძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი 3 ივნისს, 12:00 საათზე გამოცხადდება.