ტაქსის მძღოლების აქცია დასრულდა
ტაქსის მძღოლების აქცია დასრულდა

ტაქსის მძღოლების აქცია დასრულდა. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, დასახავენ სამოქმედო გეგმებს და ამის შემდეგ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას.

„​შეიძლება ითქვას, აქცია დასრულებულია. ახლა ვიკრიბებით ოფისში და დავსახავთ სამოქმედო გეგმას. რაც შეეხება საკრებულოსთან აქციას, ეს დღევანდელ გეგმებში აშკარად არ შედიოდა. ჩვენ ვთქვით, რომ დავიწყებდით მსვლელობას და დავასრულებდით ბიძინა ივანიშვილის სახლთან. ასევე დაიგეგმება მჯდომარე აქცია. თუ ვინმეს უნდა, რომ საკრებულოსთან მივიდეს და აქცია გამართოს, ეს მისი ნებაა, მაგრამ ჩვენ ოფიციალურად დავასრულეთ აქცია და ვაპირებთ დავსახოთ სამომავლო გეგმები“, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

აქცია დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ ორგანიზებით გაიმართა. აქციის მონაწილეები აღმაშენებლის ხეივნიდან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მსვლელობით მივიდნენ და ტაქსების რეფორმა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა ახალი რეგულაციების გადავადება ან სრულად გაუქმებაა. კერძოდ, საუბარია ავტომანქანების თეთრად გადაღებვაზე ან ავტომობილზე თეთრი ფირის გადაკვრაზე. აქციის მონაწილეების თქმით, ფირის გადაკვრა დააზიანებს ავტომობილს.