თამთა თხილაიშვილი - გერმანიაში საავადმყოფოში არ ვათავსებთ პაციენტებს, რომლებსაც გართულება არ აქვთ, ისინი თვითიზოლაციაში არიან
კორონავირუსით დაავადება არ არის სტიგმა და სასიკვდილო განაჩენი, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ თერაპევტმა, ინფექციონისტმა, თამთა თხილაიშვილმა განაცხადა, რომელიც გადაცემაში გერმანიიდან ჩაერთო.
პირადი ექიმი
„გერმანიაში საავადმყოფოში არ ვათავსებთ პაციენტებს, რომლებსაც გართულება არ აქვთ. თუნდაც, ბერლინს ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ 168 პაციენტის საავადმყოფოში მოთავსებულიყო, მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ რადგან წინ მეტი რაოდენობის და მეტი რთული შემთხვევა გველოდება, უმჯობესია, მაქსიმალურად შევაჩეროთ საავადმყოფოების შიდა ინფექციების გავრცელება. აქედან გამომდინარე, პაციენტები, რომლებიც არანაირ მკურნალობას არ საჭიროებენ, თვითიზოლაციაში არიან. ეს შეიძლება, მთავარი მესიჯი იყოს საქართველოს მოსახლეობისთვისაც, რომ კორონავირუსით დაავადება არ არის სტიგმა და სასიკვდილო განაჩენი“, – განაცხადა თამთა თხილაიშვილმა.
მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს სპეციალური მკურნალობა, ვაქციანაცია და ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება, მეორე მთავარი მესიჯი არის სოციალური დისტანცირება.
„საქართველოს შემთხვევაში, მკაცრად უნდა გავყვეთ რეკომენდაციას, რომელსაც გვთავაზობს დაავადებათა ეროვნული ცენტრი. მათ საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ და პროცესს ძალიან წარმატებით ართმევენ თავს“, – განაცხადა თამთა თხილაიშვილმა.
ინფექციონისტმა ასევე განაცხადა, რომ გერმანიისა და საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას თუ შევადარებთ, საქართველო ჯერ კიდევ პირველ ფაზაშია მაშინ, როცა ევროპაში უკვე უკონტროლო გადაცემაა.
„საქართველოში ჯერ კიდევ შეგვიძლია, ეს პროცესი რაღაცნაირად შემოვფარგლოთ და ჯერ კიდევ მიმდინარეობს შესაძლო საეჭვო შემთხვევების გამოვლენა, გერმანიაში კი შემთხვევების მკვეთრი ზრდა გვაქვს ისევე, როგორც მთელ ევროპაში. ჩვენ ამას ველოდით, მაგრამ დღესდღეობით, ჩვენთვის საინტერესო ის არის, რომ გერმანიაში უკვე უკონტროლო შემთხვევები გვაქვს. ანუ, ხშირად გვაქვს შემთხვევები, როდესაც არ ვიცით, პაციენტს საიდან გადაედო და ვისგან დაინფიცირდა“, – განაცხადა თამთა თხილაიშვილმა.
როგორც თამთა თხილაიშვილმა აღნიშნა, მდგომარეობის გათვალისწინებით, მომავალ კვირებში გერმანია შემთხვევების მომატებას ელოდება.