თამაზ ტყემალაძე - ბედნიერებაა, როცა შენი სამშობლო და პრეზიდენტი გაფასებს, ძალიან მინდა, გავამართლო ეს ნდობა, ამისთვის საჭიროა, ჩემი პროფესიით სულ დაკავებული ვიყო
თამაზ ტყემალაძე - ბედნიერებაა, როცა შენი სამშობლო და პრეზიდენტი გაფასებს, ძალიან მინდა, გავამართლო ეს ნდობა, ამისთვის საჭიროა, ჩემი პროფესიით სულ დაკავებული ვიყო

ბედნიერებაა, როცა შენი სამშობლო და პრეზიდენტი გაფასებს, ძალიან მინდა, გავამართლო ეს ნდობა, ამისთვის საჭიროა, ჩემი პროფესიით სულ დაკავებული ვიყო, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სამაუწყებლო ენის მთავარმა რედაქტორმა, თამაზ ტყემალაძემ პრეზიდენტის სასახლეში განაცხადა, სადაც ღირსების მედლით დააჯილდოეს.

ჩემი ეს პატარა ღვაწლი დიდი სამეგობროს დამსახურებაა, იმ კოლექტივში მუშაობის, სადაც იციან ერთმანეთის დახმარება. მაქვს ჩემი გეგმები, ავადმყოფობამ ხელი შემიშალა, უკვე ცხრა თვეა, ასე ვარ. ცოტაც და გავფრინდები. ამ ხნის განმავლობაში, როცა ვიწექი, დიდი ხანი ბრმა ვიყავი და ვერ ვწერდი, ახლა ვწერ და გეგმებით ვარ სავსე. ბედნიერებაა, რა თქმა უნდა, როცა შენი სამშობლო და პრეზიდენტი გაფასებს, ჩემი საყვარელი ადამიანებიც აქ არიან. ძალიან მინდა, რომ გავამართლო თქვენი ნდობა. ამისთვის საჭიროა, ვიყო სულ დაკავებული ჩემი პროფესიით. არ მინდა თავისუფლება, საქმეა მთავარი. დღეს ჩვენს ტელევიზიაში ჩემი ფილმი გადის ილია ჭავჭავაძეზე, ცალკე ფილმებადაც არის ეს გაკეთებული, ფრაგმენტებს უჩვენებენ.
გავიდა ორი წელიწადი და სულ შეცვლილი ვარ, სწრაფად გადის დრო. აქამდე თუ მიჭირდა სიარულის სწავლა, ახლა რომ მივალ, ნამდვილად გავივლი. დიდი მადლობა, ჩვენ სულ ერთად ვიყავით, ერთად ვართ და სულ ერთად ვიქნებით. ჩემს ცხოვრებაში რაღაც რომ არის მოოქროვილი მოგონებები, ყველგან თქვენ ხართ. ჩემი საყვარელი უფროსი მეგობრები, რომლებიც არ არიან, მინდა, ვახსენო რეზო სირაძე, ჩემი მეგობარი, თემურ მაღლაფერიძე, ალბათ ყველაზე ახლო მეგობარი ის იყო, ზაალ ჟვანია, გიორგი ჯაფარიძე და ყველანი, უძლიერესი თაობა იყო, მგონია, რომ ეს ჩვენი თაობაც ფეხს აუყოლებს. დარჩენილი წლები მინდა, მეგობრებთან გავატარო. უმეგობროდ სიცოცხლე არ არსებობს. კიდევ ერთხელ მინდა, რომ იყოს მშვიდობა, ქართველებმაც დაინახონ, რომ მიწაც და ხალხიც გამორჩეული გვყავს. ოღონდ მოქალაქეობა უნდა ვისწავლოთ, რადგან არ გვაძლევდნენ არასდროს ამის საშუალებას.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ქართული ტელევიზიის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის საქართველოს პირველი არხის სამაუწყებლო ენის მთავარი რედაქტორი თამაზ ტყემალაძე ღირსების მედლით დღეს დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონიას თამაზ ტყემალაძის მეგობრები და კოლეგები ესწრებოდნენ.