თამარ ტალიაშვილი - შეურაცხყოფის მოთმენის განსაკუთრებულ სტანდარტებს დღეს ითხოვენ ისინი, ვინც სიძულვილით, ბულინგით, დესტრუქციით აღრმავებენ პოლარიზაციასა და შუღლს ქვეყანაში
თამარ ტალიაშვილი - შეურაცხყოფის მოთმენის განსაკუთრებულ სტანდარტებს დღეს ითხოვენ ისინი, ვინც სიძულვილით, ბულინგით, დესტრუქციით აღრმავებენ პოლარიზაციასა და შუღლს ქვეყანაში

სიცხადისთვის გეტყვით, პიროვნული, მძიმე, უშვერი სიტყვიერი შეურაცხყოფის მოთმენაზე რაიმე სპეციალური სადეპუტატო განსხვავებული სტანდარტი არ არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც თამარ ტალიაშვილი აღნიშნავს, შეურაცხყოფის მოთმენის ექსტრაორდინალური სტანდარტები მოითხოვეს, ვინც სიძულვილითა და დესტრუქციით სულ უფრო აღრმავებენ პოლარიზაციას ქვეყანაში.

„ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე ინციდენტის შემდეგ ბევრი ითქვა და დაიწერა მედია სივრცეში და სოციალურ პლატფორმებზე თმენის ვალდებულებასთან დაკავშირებით.

სიცხადისთვის გეტყვით, პიროვნული მძიმე უშვერი სიტყვიერი შეურაცხყოფის მოთმენაზე რაიმე სპეციალური სადეპუტატო განსხვავებული სტანდარტი არ არსებობს. დაუსაბუთებელი კრიტიკა, ზღვარგადასული ემოციურობა – კი ბატონო! პირადის, პერსონალური სივრცის შეურაცხყოფას რაც შეეხება, აქ ყველა მოქალაქე, ადამიანი ერთია და თამასის სპეციფიკურად მაღლა აწევა სრულიად უსაფუძვლოა.

განსაკუთრებული და მაღალი სტანდარტი რასაც ამკვიდრებს ანრი ოხანაშვილი, ეს არის მაღალი რანგის პროფესიონალიზმი, სამართლის პოლიტიკა და კანონშემოქმედება. ხოლო სიდინჯე და გაწონასწორებულობა საზოგადოებისა და ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტებშიც კი, მისი პიროვნული თვისებაა. ანრის ეს თვისება ხაზს უსვამს, რამდენად მძიმე არაპროვოცირებული შეურაცხყოფის ადრესატი აღმოჩნდა“, – აღნიშნავს ტალიაშვილი.

მისივე თქმით, საერთოდ, შეურაცხყოფის მოთმენის განსაკუთრებულ სტანდარტებს დღეს ითხოვენ ისინი, ვინც სიძულვილით, ბულინგითა და დესტრუქციით სულ უფრო და უფრო აღრმავებენ პოლარიზაციასა და შუღლს ქვეყანაში.

„ეს არის ძალა, რომელსაც არაფრის დიდებით არ სურს დეპოლარიზაცია, საზოგადოების ერთიანობა და სრული ევროინტეგრაცია.

ეს არის ძალა, რომელსაც სურს, რომ ყველაფერი – შეურაცხყოფაცა და დანაშაულიც შერჩეს, ჰქონდეს მუდმივი იმუნიტეტი შეუცხყოფისა და დანაშაულის ჩასადენად.

კლავიატურასა და კამერას ამოფარებული ადამიანები ბულინგისა და სიძულვილის ენის სულ უფრო ახალ „მაღალ“ სტანდარტებს ქმნიან. პარალელურად სურთ, რომ სიძულვილის ეს „მაღალი“ სტანდარტები ადამიანურ უბრალო პირისპირ ურთიერთობებშიც დაამკვიდრონ. ეს არის სავალალო! ეს ბოროტებაა არა მარტო ამ მომენტში, არამედ მომავალი თაობებისთვისაც“, – წერს თამარ ტალიაშვილი.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესხნენ თავს და როგორც თავად ამბობს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ვატო წერეთელის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი. ამასთან, ანრი ოხანაშვილი გუშინდელი ინციდენტის კადრების გასაჯაროებას ითხოვს და ვატო წერეთელს მოუწოდებს, ჩაიტაროს ექსპერტიზა, თუ რა მდგომარეობაში იყო მისული საელჩოს ღონისძიებაზე.