ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ
ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

„ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაესხნენ თავს და როგორც თავად ამბობს, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დამესხნენ და ფიზიკურად გამისწორდნენ. აშშ-ის საელჩოს ეზოში მოწვეული იყო 200 ან 300 სტუმარი, შოკში ვარ. ასეთი რამ არ ვიცი. წარმოგიდგენიათ, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე ეს რომ ხდება, გარეთ რა ხდება?

მივმართავ კელი დეგნანს, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება ადამიანის მიმართ, კონკრეტულად, ჩემ მიმართ, კეთილი ინებეთ და გაასაჯაროვეთ კადრები, მიეცით მედიას კადრები, როგორ უსწორდებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები ადამიანს. თქვენს ტერიტორიაზე კრიმინალი მოხდა“, – განაცხადა წერეთელმა „ტვ პირველის“ ეთერში.

მისივე თქმით, ინციდენტში მონაწილეობდნენ „ქართუილი ოცნების“ წევრები ბექა ოდიშარია, ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა და ლევან მგალობლიშვილი.

„უამრავი თვითმხილველი იყო. ოხანაშვილი დაიძრა ჩემკენ, მოყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი. ოხანაშვილმა მომიჭირა ხელზე, დამიწყო გარჩევები. ოხანაშვილი რომ ქუჩურ გარჩევას დაგიწყებს, ხომ თავი უნდა მოიკლა, რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში. ვიდრე აზრზე მოვედი, მეორემ მომიქნია ხელი, ორივე სახეში მომხვდა. ეს ლაჩრები, ან თავმოყვარეობა არ აქვთ, აშშ-ის საელჩოში ამას რომ დგამენ, წარმოგიდგენიათ, ქვეყანას რას უშვრებიან?!”, – განაცხადა წერეთელმა.

მისივე თქმით, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ინციდენტის გამო მას ბოდიში მოუხადა.

„ელჩი პირადად ვნახე. ბოდიშებს იხდიდა, მაგრამ პირადად მოვთხოვე, რომ კადრები გაასაჯაროონ“, – განაცხადა წერეთელმა.