თამარ სანიკიძე ყოფილ თანამშრომლებს მიმართავს 
თამარ სანიკიძე ყოფილ თანამშრომლებს მიმართავს 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი თამარ სანიკიძე ყოფილ თანაშრომლებს “ფეისბუქით” მიმართავს.

„მინდა, მივმართო ჩემს კოლეგებს და თანამშრომლებს, რადგან ყველასთან პერსონალურად დამშვიდობება ვერ მოვახერხე. 2016 წლიდან მოყოლებული, რომ არა თქვენი საქმისადმი დამოკიდებულება და სურვილი, რომ რეალური გარდატეხა მომხდარიყო სისტემაში, რომელსაც ყველანი ვემსახურებით, შეუძლებელი იქნებოდა იმ პროცესების განხორციელება და შედეგების მიღწევა, რასაც ბოლო ორი წლის მანძილზე მივაღწიეთ”, – სოციალურ ქსელში გავრცელებული ამ შინაარსის წერილით დაემშვიდობა განათლების ხარისხის განვითარების დირექტორი თამარ სანიკიძე თანამშრომლებს.

მას შემდეგ, რაც განათლების მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე თამარ სანიკიძეს თანამდებობის დატოვება მოუხდა, მედიასთან ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში სანიკიძე საუბრობს პროექტებზე, რომლებიც უწყებამ დაიწყო.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის უკვე ყოფილი დირექტორი წარმატებებს უსურვებს თანამშრომლებს და ამბობს, რომ იმ სამუშაოების შედეგები, რომლებიც მისი ხელმძღვანელობის დროს დაიწყო,  უახლოეს მომავალში გამოიკვეთება.

მისივე განცხადებით, საქმიანობის მთავარი ორიენტირი იყო ის ვალდებულებები, რომლებიც საქართველოს ევროპასთნ ასოცირების შეთანხმებით აქვს და, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის გაჯანსაღებასთან.

„ბოლონიის მნიშვნელოვან მარეგულირებელ დოკუმენტებთან ჩვენი ხარისხის შეფასების მექანიზმების შესაბამისობაში მოყვანა არ იყო მარტივი. განსაკუთრებით, როდესაც ამ კუთხით ევროპის წამყვანი ინსტიტუციები გაკვირდებიან. მიუხედავად დიდი რეზისტენციისა, ჩვენ ეს მოვახერხეთ, მართლაც, დაუღალავი შრომითა და ჩვენი პარტნიორი ინსტიტუტების დახმარებით. ეს საქმე აუცილებლად დასრულდება ხარისხის მართვის ევროპულ ქსელში გაწევრიანებით, რომელიც ახლა გარდამტეხ ეტაპზეა. ENQA–ში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ჩვენი ხარისხის შეფასების სისტემა იქნება ევროპაში აღიარებული და სანდო, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს უმაღლესი განათლების ხარისხს, ხოლო საქართველოში გაცემული დიპლომები/კვალიფიკაციები იქნება ავტომატურად და უპირობოდ აღიარებული უცხოეთში. ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგია, რომ მთელს რეგიონში საქართველო და ხარისხის ცენტრი იქნება პირველი, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარება და საერთაშორისო მააკრედიტებლის უფლება ექნება. ეს უფლება ცენტრმა მოიპოვა სამაგალითო შეფასებებით, არა როგორც “დამწყებმა”, არამედ სრულ შესაბამისობაში მყოფმა განვითარებულმა ორგანიზაციამ, რისთვისაც ურთულესი პროცესები გავიარეთ”, -წერს თამარ სანიკიძე.

მისივე ინფორმაციით, პროცესი პრაქტიკულად ბოლო ფორმალურ მხარეს გადის და შედეგი უკვე ნოემბერში ოფიციალურად გამოქვეყნდება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამედიცინო სკოლებისა და მომავალი კურსდამთავრებულებისთვის.

თამარ სანიკიძე საუბრობს ცენტრის როლზე პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბებაში.

„აქ დაინერგა მოდულური საგანმანათლებლო პროგრამა, პირველად განხორციელდა დუალური პრინციპით სწავლების პროცესი, დონორების მხარდაჭერით მოხდა ზოგადი განათლების ინტეგრაციის პილოტირება პროფესიულ სწავლებაში და მრავალი სხვა. ცენტრის მიერ მომზადებული უკანასკნელი ცვლილებები კანონში კი, საშუალებას მისცემს ქართულ საგანმანათლებლო სისტემას, რომ რეალურად პირველად შესთავაზოს ბენეფიციარებს უწყვეტი განათლების პრინციპზე აგებული სისტემა, ყოველგვარი საგანმანათლებლო “ჩიხების” გარეშე, ევროპულ ჩარჩოსთან თავსებადი ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მეშვეობით.“ – განმარტავს სანიკიძე.

წერილის ბოლოს კი, სანიკიძე უკვე ყოფილ თანამშრომლებს წარმატებებს უსურვებს. „თქვენი მოწოდებითა და დაუღალავი შრომით, რომლის გამოც არაერთხელ გამხდარხართ დაუმსახურებელი კრიტიკის ადრესატები, მნიშვნელოვანი როლი შეასრულეთ სისტემის განვითარებასა და ასოცირების დღისწესრიგის შესრულებაში. მინდა, წარმატება გისურვოთ! თქვენთან გატარებული ყოველი დღე ჩემთვის იყო სიამოვნება! P.s. მერა რა, რომ ბევრს “ვჩხუბობდით”, – წერს თამარ სანიკიძე.

თამარ სანიკიძემ თანამდებობა მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა. ამის შესახებ განცხადება განათლების მინისტრმა გუშინ გააკეთა. მასთან ერთად თანამდებობების დატოვება მოუწიათ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს მაია მიმინოშვილს, ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს გიორგი მაჩაბელს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორს მანანა მიქაბერიძეს და მინისტრის ორ მოადგილეს, თემურ მურღულიასა და ლია გიგაურს.