თამარ კორძაია - მიხეილ სააკაშვილს პერსონალურად ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი, ადამიანები დღეს იმედით უყურებენ ხვალინდელ დღეს
თამარ კორძაია - მიხეილ სააკაშვილს პერსონალურად ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი, ადამიანები დღეს იმედით უყურებენ ხვალინდელ დღეს

რამდენიმე წუთის წინ, მიხეილ სააკშვილის პარტიის წევრი ეკა ხერხეულიძე ადასტურებდა იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოში. მე მაქვს საფუძველი, უფრო მეტად ვენდო მიხეილ სააკაშვილს და მისი გუნდის წევრებს, ვიდრე ხელისუფლებას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

„ხელისუფლება იმასაც ამბობდა, რომ სუს-იდან გაჟომილი ფაილები საერთოდ არ არსებობდა და გრიგოლ ლილუაშვილი ამბობდა იმას, რომ ის არაფერ შუაშია. ხელისუფლება რეალურად სირაქლემას პოზიციაშია, რადგან რა უნდა თქვას? რა უნდა თქვას, რომ ჩვენ საზღვრებს ვერ ვაკონტროლებთ ამ ქვეყანაშიო?“ – განაცხადა კორძაიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყანაში პერსონალურად ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

„მისი ჩამოსვლა ცვლის იმას, რომ ეს ადამიანები დღეს იმედით უყურებენ ხვალინდელ დღეს. ეს არის ყველაზე არსებითი ცვლილება. როდესაც ქვეყანაში იყო სრული უიმედობა გამეფებული და ჩვენ ვცდილობდით ყველაფერს იმისათვის, რომ შეგვეცვალა 2020 წლის არჩევნები, მოგვპარა ხელისუფლებამ. დღეს იმედი გაუჩინა მიხეილ სააკაშვილმა მის ამომრჩეველს და საქართველოს მოქალაქეს”, – განაცხადა კორძაიამ.

ამასთან, კორძაიას თქმით, დარწმუნებულია, რომ ხვალ ამომრჩეველთა აქტივობა იქნება მაღალი.

„დარწმუნებული ვარ, ხვალ აქტივობა იქნება მაღალი, რადგან საქართველოს მოქალაქეებს უნდათ ცვლილებები. ხვალ ამ ცვლილებების რეალურად განხორციელების შესაძლებლობა გვაქვს”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.