თამარ ხულორდავა - სოფელ ხურვალეთთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, განგაშის საფუძველი არ არსებობს
თამარ ხულორდავა - სოფელ ხურვალეთთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, განგაშის საფუძველი არ არსებობს

სოფელ ხურვალეთთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, განგაშის საფუძველი არ არსებობს,  – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განაცხადა.

როგორც თამარ ხულორდავამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდეს სიმშვიდე.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე შეინარჩუნოთ სიმშვიდე და რაღაც პროვოკაციების საფუძველი არავის მივცეთ და არც ჩვენ წამოვეგოთ რაიმე ტიპის პროვოკაციაზე. ეს არის ძალიან საყურადღებო, ფრთხილი თემა და ყველას მოვუწოდებდი, რომ ძალიან ყურადღებით მივუდგეთ საკითხს. არავითარი განგაშის საფუძველი არ არსებობს არც დღეს და არ არსებობდა არც გუშინ. ეს იყო ძალიან არასწორად გავრცელებული ინფორმაცია, რამაც ბევრი კითხვა გააჩინა და რაც გვაზიანებს ზოგადად“, – განაცხადა ხულორდავამ.

სოციალურ ქსელში ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.

აღნიშნულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს-ის განცხადებით, უწყება არ ადასტურებდა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროების გადმოსვლა არ დაადასტურა არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ.