თამარ ხულორდავა - საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მგონია საუბარი, თითქოს ცხრა დეპუტატის ინიცირებული კანონპროექტი ლევან მურუსიძეს ეხება
თამარ ხულორდავა - საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მგონია საუბარი, თითქოს ცხრა დეპუტატის ინიცირებული კანონპროექტი ლევან მურუსიძეს ეხება

ცხრა  დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი არ ემსახურება რეალური პრობლემების გადაწყვეტას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ხულორდავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

„მინდა, პირდაპირ გადავიდე მთავარ საკითხზე და გითხრათ, თუ რატომ არ ვუჭერ მხარს ამ კანონპროექტს და რა არის ჩემი არგუმენტები. ეს პროექტი, ჩემი აზრით, არ ემსახურება რეალური პრობლემების გადაწყვეტას. ის მოსამართლეები, ვისი გვარებიც ძალიან ბევრჯერ გაჟღერდა დღეს ამ დარბაზში და ჩემი აზრით, საზოგადოების ძალიან სამართლიან აღშფოთებას იწვევს, რომ ეს მოსამართლეები უკვე დანიშნულნი არიან უვადოდ. ასე რომ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მგონია, რომ დღეს ვლაპარაკობთ იმაზე, თითქოს ამ კანონპროექტის ახლა მხარდაჭერა ნიშნავს რაღაც მურუსიძის მხარდაჭერას. ეს კანონპროექტი ამ საკითხს არ ეხება საერთოდ“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მისივე თქმით, კანონპროექტში საუბარი ეხება იმ მოსამართლეებს, რომლებიც ჯერ არ არიან უვადოდ დანიშნულები.

„სასამართლო სისტემაში არის 310 მოსამართლე. 154 მათგანი უკვე არის უვადოდ გამწესებული და მათ შორის არიან ის გვარები, რომლებიც თქვენ და მეც, სხვათა შორის, ასე ძალიან გვაღელვებს. ასე რომ, დანარჩენი მოსამართლეების, რომლებიც არ დანიშნა იმ მოსამართლეთა ჯგუფმა, რომელიც განსაკუთრებული გავლენებით სარგებლობს სასამართლოში, იმ ჯგუფმა რომ გაუჭიანურა დანიშვნა, იმ ხალხის დანიშვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ მგონია უბრალოდ სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილება. ეს ერთი მიზეზი რატომ არ ვუჭერ მხარს ამ კანონპროექტს“, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

მისივე თქმით, კანონპროექტის ინიციატორები საუბრობენ, რომ იუსტიციის საბჭომ კანონპროექტის ინიცირების შემდეგ რვა მოსამართლე დანიშნა.

„ცოტა მანიპულირება ხდება ამ ფაქტით და მინდა, ესეც საზოგადოებისათვის გავხადოთ აშკარა და ნათელი. ეს რვა მოსამართლე იყო, ვისაც გასდიოდა სამწლიანი გამოსაცდელი ვადა 15 თებერვალს და ეს გადაწყვეტილება რომ არ ყოფილიყო მიღებული, გამოდიოდა, რომ ეს რვა მოსამართლე სისტემის გარეთ უნდა აღმოჩენილიყო და მათ შორის არიან სხვათა შორის ძალიან პატივსაცემი, ღირსეული მოსამართლეები“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

თამარ ხულორდავას მიაჩნია, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა შეაჩეროს იუსტიციის საბჭომ და არა კანონმა. მან კოლეგებს მოუწოდა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი ახალი ძალით ამოქმედდეს.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე შეჩერებას ითვალისწინებს.