თამარ ხულორდავა - გვსურს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამომავლო ხედვების ფორმირებაში ეროვნული მისწრაფებები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული
თამარ ხულორდავა - გვსურს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამომავლო ხედვების ფორმირებაში ეროვნული მისწრაფებები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, საქართველოს სურვილია, „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამომავლო ხედვების ფორმირებაში, რომელიც ევროკავშირში სწორედ ახლა მიმდინარეობს, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და მისწრაფებების მაქსიმალური გათვალისწინება მოხდეს.

თამარ ხულორდავამ ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ათი წლის იუბილესთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკას უკავშირდება, რომელსაც წელს ათი წელი შეუსრულდა.

„საქართველომ ამ პარტნიორობის ფარგლებში ძალიან დიდი შედეგები მიიღო. ჩვენთვის შედეგის მომტანი განსაკუთრებულად ეს თანამშრომლობა იყო. დღეს, ევროკავშირთან ისეთ ურთიერთობაში ვართ, რომელსაც ათი წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდით. ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო მიმოსვლა გაქვს. ასევე, ბევრი სააგენტოს წევრი ვართ და ისეთ პროგრამებში ვმონაწილეობთ, რომელიც მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ინტეგრაციის პროცესი წინ მიდის და წინ ვიხედებით. ევროკავშირში დაწყებულია დიდი პროცესი, რომელიც გულისხმობს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე საყოველთაო მსჯელობას, რაშიც პარტნიორებიც მონაწილეობენ და ჩვენ, საქართველოს პარლამენტი ამ პროცესში აქტიურად ვართ ჩართული. გვინდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვების ფორმირებაში, რომელიც ევროკავშირში სწორედ ახლა მიმდინარეობს, ეროვნული ინტერესებისა და მისწრაფებების მაქსიმალური გათვალისწინება მოხდეს”, – აღნიშნავს ხულორდავა.

კანონმდებელის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე საკუთარ ხედვასთან დაკავშირებით დადგენილების პროექტი მოამზადა, რომელიც ერთის მხრივ, იმ წინსვლას და პროგრესს აღნიშნავს, რომელიც მიღწეული იყო, ასევე, საუბარია იმ აუცილებელ ნაბიჯებზეც, რომელიც სამომავლოდ არის გადასადგმელი.

„შორს მიმავალი გეგმები და ამბიციები გვაქვს. კონსტიტუციის დონეზეც კი გაცხადებული გვაქვს, რომ ევროკავშირში წევრობა ჩვენი ამოცანა და პრიორიტეტია. ეს არის ის, რისკენაც ქვეყანა მიისწრაფვის და გვსურს, ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ იმ გზაზე, რასაც ევროკავშირის სივრცეში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ჰქვია. გვსურს, ასოცირებიდან წევრობამდე კონკრეტული შუალედური მიზნები განისაზღვროს. ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის შეთავაზებებს ვაკეთებთ. კერძოდ, რა პრიორიტეტები უნდა განვსაზღვროთ სამომავლო თანამშრომლობისთვის, რათა ერთის მხრივ, შენარჩუნებული იყოს მაღალი მუხტი და ძლიერი პოლიტიკური დაინტერესება ევროპული ინტეგრაციის მიმართ და ამ პროცესს საზოგადოების მხარდაჭერაც არ მოაკლდეს. ამისთვის აუცილებელია კონკრეტული შემხვედრი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა ევროკავშირის მხრიდან. ევროკავშირს მოვუწოდებთ, გაითვალისწინოს ის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს არ აქვთ საერთო ხედვები, თუნდაც, მათ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით. ასევე, არიან სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა სექტორში განხორციელებული რეფორმების კუთხით და ძირითადი, რასაც ჩვენ ევროკავშირს ვთხოვთ, ისაა, რომ ყველა ქვეყნის ინტერესები, შესაძლებლობები გაითვალისწინოს და დიფერენცირებული მიდგომით უზრუნველყოს ის, რომ ყველა პარტნიორის ინტერესი ამ თანამშრომლობაში მაქსიმალურად გათვალისწინებული იყოს”, – განაცხადა ხულორდავამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ათი წლისთავთან და სამომავლო ხედვასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას გეგმავს.

რეზოლუციის პროექტი 28 ოქტომბრის ბიუროს სხდომას წარედგინება. მისი განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში მოხდება, ხოლო დეპუტატები დოკუმენტს კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან.