თამარ ხულორდავა - გრიგორი კარასინის სიტყვები არ იყო მარტივი მოსასმენი
თამარ ხულორდავა - გრიგორი კარასინის სიტყვები არ იყო მარტივი მოსასმენი

გრიგორი კარასინის სიტყვები არ იყო მარტივი მოსასმენი და ზუსტად მესმის, რატომ გამოიწვია ასეთი მღელვარება ჩვენს საზოგადოებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელმა, თამარ ხულორდავამ განაცხადა.

მისი თქმით, რა თქმა უნდა, საზოგადოების გარკვეულ აჟიოტაჟს, შიშს და გაღიზიანებას გამოიწვევს, როდესც რუსეთის ოფიციალური წარმომადგენელი შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე და აგრესიაზე ასე საუბრობს, თუნდაც ეს არ იყოს პირდაპირი გაგებით ნაგულისხმევი.

„მისი სათქმელი არ ყოფილა განსხვავებული იმისგან, რაც კარასინისგან გვსმენია. აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება მოლაპარაკების რაღაც პლატფორმა. ჩვენ რუსეთთან გვაქვს ძალიან დაძაბული ურთერთობა, პრინციპულად შეუთანხმებელი პოზიციები ჩვენ სუვერენიტეტთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ჩვენ რუსეთთან გვაქვს პრინციპულად შეუთანხმებელი თემა, რომელთა გადაჭრის, გადაწყვეტის გზა შეიძლება, იყოს მოლაპარაკებები. დევნილების დაბრუნება არის დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველივე საკითხი, რომელზეც ისინი დემონსტრაციულად ტოვებენ მოლაპარაკების მაგიდას. ეს ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, საქართველოს პოზიცია საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებთანაც სრულ თანხვედრაშია.

„ჩვენი მიდგომები ვერ შეიცვლება, ჩვენი პოზიციები არის აბსოლუტურ თანხვედრაში საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებთანაც. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულები, უნდა გაიყვანოს თავისი ძალები. უნდა დაადასტუროს ძალის არგამოყენების განცხადება და შეასრულოს იგი, ასევე ხელი უნდა შეუწყოს ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნასა და მუშაობას, მაგრამ არც ერთი ეს პირობა რუსეთის მხრიდან არ სრულდება. ჩვენი ერთადერთი ბერკეტი პროცესში რჩება პარტნიორებთან ერთად მუდმივად რუსეთთან მოლაპარაკების პროცესის გაგრძელება, სანამ არ მივალთ იმ წერტილამდე, ვიდრე მათი მხრიდან არ მოხდება გარკვეული დათმობა და აღიარება იმ პოზიციის, რომელიც არის არა უბრალოდ საქართველოს პოზიცია, რომ ჩვენ ამას ვიჟინებთ, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს პოზიცია“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატს ალტერნატივა არ გააჩნია.  „სხვა არანაირი ალტერნატივა არ გაგვაჩნია. ეს არის ერთადერთი ფორმატი, რომელშიც საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები ხვდებიან ერთმანეთს. სხვა ფორმატები არ არსებობს. ან ჟენევაში ვიკრიბებით, ან ვზრდით შეიარაღებას და ვომობთ. ამას უხეშად ვამბობ, მაგრამ ჟენევის დისკუსია საუკეთესო საშუალებაა, რომ სამხრეთ კავკასიაში დაგროვილი ნევროზულობისა და ნეგატივისგან გათავისუფლდე“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა „რია ნოვოსტისთან“.