თამარ ხულორდავა გიორგი კანდელაკს - ​ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე ავრცელებთ ინფორმაციას, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება, გაკვირვებული ვარ თქვენი უტიფრობით
თამარ ხულორდავა გიორგი კანდელაკს - ​ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე ავრცელებთ ინფორმაციას, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება, გაკვირვებული ვარ თქვენი უტიფრობით

​ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე ავრცელებთ ინფორმაციას, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება, გაკვირვებული ვარ თქვენი უტიფრობით, – ასე მიმართა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ „ევროპული საქართველოს“ წევრ გიორგი კანდელაკს, რომელმაც განაცხადა, რომ „ქართული ოცნებისა“ და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები არ აქტიურობდნენ, რათა ევროპარლამენტს მხარი დაეჭირა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიისთვის.

„აბსოლუტურად გაოგნებული ვარ. გიორგი კანდელაკი საუბრობდა იმაზე, რომ თურმე ჩვენ რაღაცა ძალისხმევა დავაკელით, არ მივმართეთ იქით, რომ საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციაში ზუსტად ის ტექსტი ყოფილიყო, რომელიც ამ რეზოლუციაში ჩაიწერა. ის თუ მოგწონთ, რაც იქ წერია, ეს არის სწორედ ჩვენი გუნდის დამსახურება ბატონო გიორგი და თქვენ თუ არ იცით, ეს თქვენი პრობლემაა. წესით ეს თქვენ ძალიან კარგად იცით, რადგან ვიცი, კარგი კონტაქტები გაქვთ ევროპარლამენტში. მიზანმიმართულად ავრცელებთ ინფორმაციას, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს და მიკვირს უბრალოდ, ძალიან გაკვირვებული ვარ თქვენი უტიფრობით. ამ ტრიბუნიდან ასეთ განცხადებას ნამდვილად არ ველოდი“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ხულორდავას თქმით, ევროპარლამენტში შედგა ძალიან მნიშვნელოვანი დებატები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

„რეზოლუცია ჯერ არ არის მიღებული ბატონო გიორგი. რეზოლუციას ხვალ ეყრება კენჭი, მაგრამ ნამდვილად არის მისასალმებელი ის ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს მყარი მხარდაჭერა ევროპარლამენტის მხრიდან იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, ეს მოუშუშებელი ტკივილი, რომელიც გვაქვს და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პირველი შემთხვევაა, 2008 წლის შემდეგ, 10 წელი დასჭირდა იმას, რომ ევროპარლამენტს ეს რეზოლუცია მიეღო. რეზოლუცია ნამდვილად იქნება მიღებული. ამას ადასტურებს ის პოლიტიკური დებატები, რომელიც გუშინ შედგა“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდის, „ქართული ოცნებისა“ და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები საერთოდ არ აქტიურობდნენ, რათა ევროპარლამენტს მხარი დაეჭირა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიისთვის.

ევროპარლამენტში გუშინ საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა, რომელზეც სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი თემაზე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ. ევროპარლამენტის პირველ რეზოლუციას, რომელშიც არჩილ ტატუნაშვილზე იქნება საუბარი, 14 ივნისს უყრიან კენჭს.