გიორგი კანდელაკი - „ქართული ოცნებისა“ და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები არ აქტიურობდნენ, რათა ევროპარლამენტს მხარი დაეჭირა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიისთვის
გიორგი კანდელაკი - „ქართული ოცნებისა“ და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები არ აქტიურობდნენ, რათა ევროპარლამენტს მხარი დაეჭირა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიისთვის

მმართველი გუნდის, „ქართული ოცნებისა“ და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები საერთოდ არ აქტიურობდნენ, რათა ევროპარლამენტს მხარი დაეჭირა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიისთვის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის.

„გუშინ ევროპარლამენტმა მიიღო რუსეთის საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის 10 წლისთავთან დაკავშირებული ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია. გარდა იმისა, რომ ეს რეზოლუცია არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი სუვერენიტეტის. რუსეთის ფედერაცია გამოცხადებულია როგორც სრულიად პასუხისმგებელი ოკუპაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებებზე, პასუხისმგებელია ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრაზე, რომელიც ასევე რუსეთის ფედერაციამ ჩაიდინა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაიწერა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საკითხი. რაოდენ სამწუხაროა, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მმართველი გუნდის, „ქართული ოცნებისა“ და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები საერთოდ არ აქტიურობდნენ, რათა ევროპარლამენტს მხარი დაეჭირა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიისთვის. ფაქტობრივად, არაფერი გაუკეთებია ამისთვის „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

მისივე თქმით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით პოლიტიკური კამპანია საქართველოს მთავრობას არ უწარმოებია.

არც პრემიერ-მინისტრის, არც საგარეო საქმეთა მინისტრის და არც სხვა მაღალი თანამდებობის პირების ბრიუსელში ვიზიტი არ ყოფილა ამ თემის წინ წასაწევად. რეზოლუციის თანახმად, საქართველოს მთავრობამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია უნდა გამოაქვეყნოს 15 ივნისს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ სიის გამოქვეყნების შემდეგ მაინც გადაიდგმება ნაბიჯები და როგორც პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ სიამ აქტუალობა არ დაკარგოს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შევინარჩუნოთ წნეხი მთავრობაზე, რათა ის პიროვნებები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაულებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ან ხელი დააფარეს ამ დანაშაულს, ესენი შევიდნენ ევროკავშირისა და აშშ-ს სანქციების პაკეტებში, რათა მომავალში გვქონდეს პრევენციული ფაქტორი და შევამციროთ მსგავსი დანაშაულის ალბათობა“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ევროპარლამენტში გუშინ საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა, რომელზეც სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი თემაზე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ. ევროპარლამენტის პირველ რეზოლუციას, რომელშიც არჩილ ტატუნაშვილზე იქნება საუბარი, 14 ივნისს უყრიან კენჭს.