თამარ ხულორდავა - ჩვენი თანამშრომლობა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან გაცილებით ღრმა, შინაარსიანი და შედეგზე ორიენტირებულია, ვიდრე ოდესმე  
თამარ ხულორდავა - ჩვენი თანამშრომლობა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან გაცილებით ღრმა, შინაარსიანი და შედეგზე ორიენტირებულია, ვიდრე ოდესმე  

საქართველოს თანამშრომლობა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დღეს არის გაცილებით ღრმა, შინაარსიანი და შედეგზე ორიენტირებული, ვიდრე ოდესმე, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს შეხვედრას.

მისი თქმით, გარდა ეროვნული ინტერესებისა, არის თემატური ინტერესები, რომელიც აშშ-სთან განიხილება.

„ეროვნული ინტერესების გარდა, რაც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, დეოკუპაციას, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებს, გვაქვს საგნობრივი, თემატური ინტერესებიც, რაზეც ვსაუბრობთ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასთან და, რაშიც აშშ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერა გვაქვს“, – აღნიშნა დეპუტატმა.

მისი თქმით, აღნიშნული ურთიერთობების გაღრმავების საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის აშშ-ში ვიზიტი და მისი შეხვედრები, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე კონგრესის წარმომადგენლებთან.

„საქართველოს სჭირდება და კიდეც აქვს პოლიტიკური მხარდაჭერა ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით. ეს დასტურდება იმ განცხადებებით, რომელიც მოვისმინეთ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ამ ვიზიტის მიმდინარეობის პროცესში. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეკონომიკური ინტერესებითაც მეტად დავაკავშიროთ ჩვენს ქვეყანას აშშ. ერთი მხრივ, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობა, მეორე მხრივ კი, გრძელვადიანი პოლიტიკური ინტერესის გარანტი იქნება და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შემდეგომ თანამშრომლობას“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში,  პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსახილველი მთავარი თემები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარება და ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავება იყო.