მამუკა ბახტაძემ და მაიკ პომპეომ აშშ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივა განიხილეს
მამუკა ბახტაძემ და მაიკ პომპეომ აშშ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივა განიხილეს

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარება და ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემები.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მაღალ დონეზე გადასვლის პერსპექტივაზე.

საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითად მიმართულებას, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა აგრეთვე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს რეგიონული როლი.

სახელმწიფო მდივანმა პომპეომ პრემიერ ბახტაძეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.