თამარ კეკენაძე - ესტონეთის ელჩის გადაყვანა არის „ქართული ოცნების“ რეჟიმის იზოლაციური პოლიტიკის გაგრძელება, შესაძლოა, ამას სხვა პარტნიორების მხრიდანაც მსგავსი გადაწყვეტილებები მოჰყვეს
თამარ კეკენაძე - ესტონეთის ელჩის გადაყვანა არის „ქართული ოცნების“ რეჟიმის იზოლაციური პოლიტიკის გაგრძელება, შესაძლოა, ამას სხვა პარტნიორების მხრიდანაც მსგავსი გადაწყვეტილებები მოჰყვეს

„ქართულ ოცნებას“ უნდა, საქართველო დატოვოს ყველა პარტნიორმა და ქვეყანა დარჩეს „ქართული ოცნების“ რეჟიმის ხელში, რუსეთის ოკუპანტი რეჟიმის პირისპირ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თამარ კეკენაძემ განაცხადა.

როგორც კეკენაძე აღნიშნავს, ის მოუწოდებს სხვა პარტნიორებს, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები მეტი სიფრთხილით მიიღონ.

„ერთ-ერთ ყველაზე კარგ პარტნიორს, ესტონეთს მოუწია მიეღო გადაწყვეტილება, ელჩი სომხეთში გადაიყვანოს. ეს, რა თქმა უნდა, არის „ქართული ოცნების“ რეჟიმის იზოლაციური პოლიტიკის გაგრძელება. „ქართულ ოცნებას“ უნდა, საქართველო დატოვოს ყველა მეგობარმა, პარტნიორმა და ქვეყანა დარჩეს „ქართული ოცნების“ რეჟიმის ხელში, რუსეთის ოკუპანტი რეჟიმის პირისპირ. რა თქმა უნდა, ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება. გვაქვს მოლოდინი, რომ ამას, შეიძლება, მოჰყვეს სხვა პარტნიორების მხრიდანაც მსგავსი გადაწყვეტილებები.

მინდა, ჩვენს მეგობრებს ვთხოვოთ და მოვუწოდოთ, რომ სწორედ დღეს, იმ რეალობაში, როცა „ქართული ოცნების“ რეჟიმი ცდილობს, გააკეთოს ყველაფერი ქართველი ხალხის იზოლაციაში დასატოვებლად, უფრო ფრთხილად მოეკიდონ ამ გადაწყვეტილებებს. სწორედ დღეს, ამ რეალობაში სჭირდება საქართველოს, ქართველ ხალხს მხარდაჭერა, აქ, ადგილზე ყოფნა. მაქსიმალურად ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმს არ მივცეთ შესაძლებლობა, ამ ქვეყნის სრული იზოლაცია მოახდინოს“, – აღნიშნა კეკენაძემ.

ცნობისთვის, ესტონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში ესტონეთის ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი მუშაობას სომხეთში გააგრძელებს, ახალი ელჩის დანიშვნამდე კი საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიტა კალმეტი უხელმძღვანელებს.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ელჩების ერთი თანამდებობიდან მეორეზე გადაყვანა ნებისმიერი ქვეყნის საგარეო უწყებას შეუძლია.

„ნებისმიერი ქვეყნის საგარეო უწყებას შეუძლია, გადაიყვანოს ელჩები ერთი თანამდებობიდან მეორეზე, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, თუ თავად ესტონური მხარე არ აძლევს ამას მნიშვნელობას“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.