თამარ გაბუნია - ვფიქრობ, საბავშვო ბაღებს რაღაც დროით მოუწევთ მოცდა, რათა უფრო უსაფრთხოდ გაიხსნას
თამარ გაბუნია - ვფიქრობ, საბავშვო ბაღებს რაღაც დროით მოუწევთ მოცდა, რათა უფრო უსაფრთხოდ გაიხსნას

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, შეზღუდვების მოხსნებს შორის ორკვირიანი ინტერვალი ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვანი პერიოდია.

ამიტომ, გაბუნიას თქმით, მიზანშეწონილია, საბავშვო ბაღები სკოლებში სწავლის დაწყებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ გაიხსნას.

გაბუნიას განმარტებით, ორი კვირა არის სწორედ ის პერიოდი, რომელიც ავლენს, თუ რამე გაუარესება გამოიწვია კონკრეტული შეზღუდვის გაუქმებამ.

„ვფიქრობ, რაღაც დროით მოუწევთ მოცდა საბავშვო ბაგა-ბაღებს, რათა უფრო უსაფრთხოდ გაიხსნას, ვიდრე ახლა გავხსნათ და შემდეგ ისევ დასაკეტი გაგვიხდეს ყველაფერი. ორ-კვირიანი ინტერვალი არის ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვანი კრიტიკული პერიოდი შეზღუდვების მოხსნებს შორის, რადგან ორი კვირა არის ის პერიოდი, რომელიც ავლენს, თუ რამე გაუარესება გამოიწვია კონკრეტული შეზღუდვის მოხსნამ.

ამ შემთხვევაში, როდესაც სკოლებს გავხსნით 15 სექტემბერს, რაც სერიოზული გამოწვევაა და უნდა ვეცადოთ, რომ სკოლები დავალაგოთ და სკოლების ეპიდემია ვაკონტროლოთ, ამასთან ერთად კიდევ ერთი დამატებითი დიდი ჯგუფის გახსნა, როგორიც სავაბშვო ბაღები იქნება, გარკვეულწილად იქნება სარისკო.

ამიტომ აჯობებს ზომიერი და გარანტირებული გახსნის სტრატეგია გამოვიყენოთ. მესმის, რომ ეს გარკვეულ უხერხულობას იწვევს, მაგრამ ეს არის გადაწყვეტილება, რაც ეპიდემიოლოგიურ რეკომენდაციებს ემაყრება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საბავშვო ბაღებში სწავლა პირველი ოქტომბრიდან, სკოლებში კი 15 სექტემბრიდან განახლდება.

„საქართველოს კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების ასოციაცია“ სააღმზრდელო პროცესის პირველ ოქტომბერს დაწყებას ეწინააღმდეგება და სასწავლო პროცესის 3 სექტემბერს განახლებას ითხოვს.