თამარ გაბუნია - დღევანდელი დღის წესრიგი კომიტეტში მინისტრის მოსვლას არ ითვალისწინებდა, ეკატერინე ტიკარაძე მზადაა, ამ კვირაში კომიტეტზე კითხვებს უპასუხოს
თამარ გაბუნია - დღევანდელი დღის წესრიგი კომიტეტში მინისტრის მოსვლას არ ითვალისწინებდა, ეკატერინე ტიკარაძე მზადაა, ამ კვირაში კომიტეტზე კითხვებს უპასუხოს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია განმარტავს, რომ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების დღევანდელი დღის წესრიგი პარლამენტში მინისტრის მისვლას არ ითვალისწინებდა.

მისივე თქმით, მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მზადაა, მიმდინარე კვირაში მივიდეს პარლამენტში და არსებულ კითხვებს უპასუხოს.

თამარ გაბუნია გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ჯანდაცვის მინისტრი საქართველოს ფარგლებში სამოგზაუროდ წავიდა, მაშინ, როცა მასთან კითხვები აქვთ.

„რაც შეეხება მოთხოვნას მისი კომიტეტთან წარდგენის შესახებ, ჩვენ ამაზე პასუხი დაგიბრუნეთ და მინისტრმა გამოხატა მზაობა, ამ კვირაში მოვიდეს კომიტეტში და უპასუხოს იმ შეკითხვებს, რომლებიც თქვენ გქონდათ რიგ მარეგულირებელ ნორმატიულ დოკუმენტებთან, ასევე 520-ე დადგენილების შედეგებთან მიმართებაში. ჩვენ ველოდებით დროის დაზუსტებას, როდის ჩათვლის კომიტეტი მიზანშეწონილად ამ შეხვედრის დაგეგმვას“,- განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, გაბუნიამ ისაუბრა ჯანდაცვის სისტემაში არსებულ სირთულეებზე, რომლებიც დიდი ხანია, არსებობს.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა მძიმე დერეგულაციაზე, რომლის ტენდენციაც, მისივე განმარტებით, 2008 წლიდან შეიმჩნევა.

„რაც შეეხება იმას, რამდენად რთულია ჩემი პოზიცია დღეს, მარტივი არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ წელიწადზე ოდნავ მეტია, რაც მე მინისტრის მოადგილის პოზიციაზე ვარ და ძალიან ბევრი სირთულე არის ჯანდაცვის სისტემაში, ეს სირთულე გუშინდელი არ არის.

ეს დიდი ხანია არის, ამას პირობები შეუქმნა მძიმე დერეგულაციამ,  2008 წლიდან იყო მძიმე დერეგულაციის ასეთი ტენდენცია. 2014 წლიდან დაიწყო რეგულაციის, მარეგულირებელი გარემოს აღდგენის მცდელობები, მას შემდეგ, რაც სრულიად ცალსახად გამოიკვეთა, რომ ჯანდაცვა დერეგულირებულ გარემოში ვერ იმუშავებს.

ახლა რაც შეეხება იმას,თუ საით მიგვყავს ეს ყველაფერი და რანაირი ჯანდაცვა გვინდა რომ გვქონდეს. ვფიქრობ, ესეც დღევანდელი მოსმენის ფარგლებს სცილდება და თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. სამინისტრო მზად არის ამაზე მეტად სერიოზული და ჩაღრმავებული დისკუსიის გამართვისთვის. ჩვენ მზად ვართ, რომ ამ მიმართულებით გვქონდეს დამატებითი კონსულტაციები“,- განაცხადა გაბუნიამ.

დატოვე კომენტარი