ლევან კობერიძე - ჯანდაცვის მინისტრმა დაკრა ფეხი და წავიდა სამოგზაუროდ საქართველოს ფარგლებში, იქნებ, რობოტი გამოგვიგზავნოს, თავისი ტექსტები ჩაწეროს, რომ გვესაუბროს
ლევან კობერიძე - ჯანდაცვის მინისტრმა დაკრა ფეხი და წავიდა სამოგზაუროდ საქართველოს ფარგლებში, იქნებ, რობოტი გამოგვიგზავნოს, თავისი ტექსტები ჩაწეროს, რომ გვესაუბროს

ჯანდაცვის მინისტრმა დაკრა ფეხი და წავიდა სამოგზაუროდ საქართველოს ფარგლებში, კითხვა გვაქვს მასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, თამარ გაბუნიას უსმენენ.

„ყველაზე მთავარი კითხვა, რაც არის – თქვენ დარგი საითკენ მიგყავთ? ამაზე ჩვენ კითხვები უკვე დიდი ხანია, ერთი წელია, გვაქვს ახალ მინისტრთან, რომელიც, როგორც ვხედავ, რაღაც შიდა ტურისტულ ტურნეში აპირებს წასვლას, რომ მოიაროს მთელი საქართველო – გუშინ განცხადება ვნახე, რომ ხალხს მოუყვეს, როგორ კარგად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო და ალბათ შიდა ტურიზმის მხარდაჭერის აქცია. აი, აქ ნამდვილად ვინანე, რომ ქუთაისიდან გადმოვიტანეთ პარლამენტი, ყოფილიყო. იქნებ, გზად მაინც შემოევლო და მანდ მაინც გვეხილა. ან იქნებ, რობოტი გამოგვიგზავნოს, თავისი ტექსტები ჩაწეროს, რომ გვესაუბროს. სად არის მინისტრი, ივნისის ბოლო კვირას, ეს კითხვა კომიტეტის თავმჯდომარესთანაც მაქვს და პარლამენტის თავმჯდომარესთანაც. წერილობით მოიწერა, არასწორად რომ მოიწერა და რომ არღვევს რეგლამენტებს და ვერ ერკვევა, არ ვიცი, ვინ ურჩევს. ეს კიდევ ცალკე თემაა. თავის წერილში მინისტრმა უკვე მერამდენედ დაადასტურა, რომ მოვიდოდა კომიტეტში. ამის მაგივრად, როგორც ვხედავ, დაკრა ფეხი და წავიდა სამოგზაუროდ საქართველოს ფარგლებში. კითხვა გვაქვს მასთან“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

ლევან კობერიძემ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესაც მიმართა და განაცხადა, რომ ეკატერინე ტიკარაძე არაკომპეტენტურია და ის კომიტეტსაც შეურაცხყოფს.

„მინისტრი, იცით, რატომ არ მოდის პარლამენტში? და გადაეცით თქვენ მას, თუ შეიძლება პირადად, რადგან ის არის არაკომპეტენტური. ის, აი, ასე მოსული ნებისმიერ კითხვას ვერ უპასუხებს. ახლა პირდაპირ ვამბობ ამას. ის არის არაკომპეტენტური. იმიტომაა, ერთი წელი რომ არ მოდის პარლამენტში. სხვათა შორის, ბატონო დიტო, კომიტეტის შეურაცხყოფაც არის, ცხრაჯერ ხელი ავწიეთ, თქვენ თვითონაც, წევრებმაც, რომ მოვიდეს და ჩვენთან მოსვლის ნაცვლად, ივნისის ბოლოს წერილობით თქვენ გიპასუხათ, ნუ არასწორად, მაგრამ ხომ გიპასუხათ. თქვენთან მოსვლისა და კომიტეტში მოსვლის მაგივრად, ტურნეში წავიდა საქართველოს გარშემო. ვერ გავიგე ახლა, სად ვართ? რას გინდათ, ეს ქვეყანა რომ დაამსგავსოთ ასეთი ქმედებებით?“, – აღნიშნა ლევან კობერიძემ.

დატოვე კომენტარი