თამარ ჩუგოშვილი - თემის პოლიტიზების თავიდან ასაცილებლად, შევთანხმდით, ხორავას ქუჩის საქმეზე რეკომენდაციების შესრულების საკითხი არჩევნების შემდეგ მოგვესმინა
თამარ ჩუგოშვილი - თემის პოლიტიზების თავიდან ასაცილებლად, შევთანხმდით, ხორავას ქუჩის საქმეზე რეკომენდაციების შესრულების საკითხი არჩევნების შემდეგ მოგვესმინა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მზად არიან, მოისმინონ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის მითითებების შესრულება როგორ მიმდინარეობს.

თამარ ჩუგოშვილმა ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ მიმართვასთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციის შესრულების საკითხზე 10 დღიან ვადასა და პარლამენტში რეზოლუციის წარდგენას ეხება.

„ეს საკითხი ბიუროს სხდომაზე ადრეც დადგა. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და პარლამენტიც, ბუნებრივია, მზად არის მოვისმინოთ აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის მითითებების შესრულება როგორ მომდინარეობს. ჩვენ თავიდან გვქონდა შეთანხმება, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ უნდა გაკეთებულიყო ეს ყველაფერი, რათა ამ თემის ზედმეტი პოლიტიზება აგვეცილებინა და რეალურად მოგვესმინა, როგორ მიმდინარეობს პარლამენტის რეკომენდაციების შესრულება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი ინფორმაციით, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან სრული მზაობაა, ამასთან დაკავშირებით პასუხები პარლამენტის წევრებსა და დაინტერესებულ პირებს მიაწოდონ.

„რაც შეეხება ამ განხილვის ზუსტ დროსა და ფორმატს, ჯერ ამაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ ის, რომ საპარლამენტო ფორმატში განხილვა აუცილებლად მოხდებოდა და ამისთვის ყველაზე სწორი ფორმა იქნება შერჩეული, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ, რადგან პირადად მქონდა საუბარი“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში რეზოლუციის პროექტს წარადგენს, რომელიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესრულებას შეეხება. ამის შესახებ განცხადება პარტიის წევრებმა, დავით ბაქრაძემ და სერგი კაპანაძემ გააკეთეს.

დატოვე კომენტარი