თამარ ჩუგოშვილი - საგამოძიებო კომისიის საქმიანობა და შედეგი მთლიანად ოპოზიციის პასუხისმგებლობაა
თამარ ჩუგოშვილი - საგამოძიებო კომისიის საქმიანობა და შედეგი მთლიანად ოპოზიციის პასუხისმგებლობაა

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობა აქვს ოპოზიციას, კომისია მთლიანად ოპოზიციას მივეცით, რადგან ყველა შედეგზე, რომელიც დაიდებოდა, პასუხისმგებლობა მათ აეღოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს კითხვის პასუხად განაცხადა, დაუჭერენ თუ არა კენჭისყრაზე მხარს კომისიის დასკვნას, რომელიც „ევროპული  საქართველოს“ წევრებმა მოამზადეს.

ვიცე-სპიკერის თქმით, წინასწარ ამაზე საუბარი ძალიან რთულია.

„დასკვნის განხილვა წინ გვაქვს. ამიტომ ბევრს ვერ ვისაუბრებ და მოკლედ ვიტყვი, რომ კომისიაში უდიდესი უმრავლესობა აქვს ოპოზიციას. კომისია მთლიანად მივეცით ოპოზიციას მხოლოდ იმიტომ, რომ ყველანაირ შედეგზე, რასაც ეს კომისია დადებდა, პასუხიმგებლობა მათ აეღო. ყველაფერი, რაც კომისიაში მოხდა, როგორც წარიმართა მისი საქმიანობა, რა შედეგები დაიდო, ეს არის თავიდან ბოლომდე ოპოზიციის პასუხიმგებლობა. ჩვენ ხუთი წევრი გვყავდა, მათ ცხრა, ასე რომ, ამაზე საუბარი რთულია“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ევროპული საქართველოს“ დასკვნას ცხრა ხმით, ოთხის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.  საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ წარდგენილ დასკვნას კი, ოთხმა წევრმა მისცა ხმა და ცხრა წინააღმდეგი იყო.

არსებული ინფორმაციით, ​საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე პარლამენტი დადგენილების პროექტს მოამზადებს, რომელიც კენჭისყრაზე გავა.