თამარ ჩუგოშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პირველ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა  
თამარ ჩუგოშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პირველ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა  

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პარიზში, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პირველ ვიცე-პრეზიდენტ კაროლ ბუნო ბონარს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, თამარ ჩუგოშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საფრანგეთს, ერთი მხრივ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, და მეორე მხრივ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. ფრანგულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა თანამშრომლობის განმტკიცების კეთილი ნება და მზადყოფნა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ფრანგულ მხარეს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოში განხორციელებული რეფორმები გააცნო.

„მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე, რაც რჩება საქართველოს მთავრობის მთავარ გამოწვევად. თამარ ჩუგოშვილმა ფრანგ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის თაობაზე; ხაზი გაუსვა რეგიონში საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საჭიროებას, მათ შორის, ადამიანის უფლებების მონიტორინგის კუთხით.

საუბარი ცალკე შეეხო უვიზო რეჟიმის კონტექსტში დადებითი დინამიკის შენარჩუნების კუთხით ინიცირებულ ნაბიჯებს. ასევე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქალთა უფლებებისა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის გაზრდისკენ მიმართულ ინიციატივებზე“, – ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფრანგული მხარე დაინტერესდა კონკრეტული სფეროებით, რა მიმართულებითაც პრიორიტეტულია პარტნიორობის გაძლიერება, მათ შორის, საგანმანათლებლო, ეკონომიკური თუ კულტურული თანამშრომლობის კუთხით.

​ამასთან, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო დიალოგის გაძლიერების საჭიროებას და  კონსულტაციების გამართვაზე შეთანხმდნენ.