თამარ ჩუგოშვილი - რაც ხდება, სახელმწიფოსთვის დიდი გამოწვევაა, იმოქმედოს ისე, რომ არ დაარღვიოს ბალანსი
თამარ ჩუგოშვილი - რაც ხდება, სახელმწიფოსთვის დიდი გამოწვევაა, იმოქმედოს ისე, რომ არ დაარღვიოს ბალანსი

ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, დაიცვას კონსტიტუცია, ხოლო მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება ამ ქვეყანაში აქვს ყველა მოქალაქეს, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინ განვითარებული მოვლენების შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

,,ის, რაც ხდება, არის დიდი გამოწვევა სახელმწიფოსთვის, იმოქმედოს ისე, რომ არ დაარღვიოს ბალანსი. ერთი მხრივ, შსს-ს მნიშვნელოვანი ვალდებულებაა, დაიცვას გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ მისი ასევე მნიშვნელოვანი ვალდებულებაა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საპატრიარქოს განცხადების შესახებ კი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ განცხადებას იცნობს.

,,მათი პოზიცია ჩემთვის გასაგებია, მაგრამ სახელმწიფოს აქვს ვალდებულებები. შსს-ს პრიორიტეტი ახლა არის,  შეძლოს უფლებების რეალიზაცია უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზით. ამ პროცესში ასევე მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ შეუწყოს ხელი ბალანსის დაცვას“,  – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გუშინ საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მთავრობას მოუწოდა, არ დაუშვას ე.წ. გეი პრაიდის ჩატარება. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს. „თბილისი პრაიდის“ მონაწილეების აქციაზე მისვლამდე ადგილზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ. კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი იყო „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქცია არ გაემართათ.

ორ პარალელურ აქციაზე სიტუაცია რამდენჯერმე გამწვავდა. დააკავეს 28 პირი.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა ტერიტორია დატოვეს და განაცხადეს, რომ დაგეგმილი კვირეულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორშაბათიდან განახლდება.

ამასთან, შსს-ის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებულებიდან დროებითი მოთავსების იზოლატორში შვიდი პირი რჩება, 21 ხელწერილით გათავისუფლდა.