თამარ ჩუგოშვილი – პარლამენტის წევრ ქალებს დაუპირისპირდნენ, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რეაგირებას ველოდები
პარლამენტის წევრ ქალებს დაუპირისპირდნენ, პარლამენტის კუთვნილი ავტომობილი დაზიანდა და დაიმტვრა, რაც ყოველგვარ პროტესტსა და სამართლებრივ ჩარჩოებს გაცდენილია, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რეაგირებას ველოდები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, რომელიც გურჯაანში, ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან გუშინ განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკური და სამართლებრივი მხარე აქვს.
„პოლიტიკურად, ოპოზიციის მცდელობები სრულიად სახედაკარგული იყო. საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის გადაფარვის თუ ჩაშლის მცდელობები იყო. სხვადასხვა ვიდეოჩანაწერში კონსტიტუციური უფლება კი არა, კანონდარღვევები და დანაშაულები ვიხილეთ. მათ შორის, პარლამენტის ქალი წევრების მიმართ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალტერნატიული გზებისა და ტრანსპორტის შეთავაზებაზე განცხადება არაერთხელ გააკეთა. ვინც აგრესიულად იქცეოდა და სახელმწიფოს კუთვნილ ქონებას ამტვრევდა, იმ ადამიანების ამოცანა გადაადგილება კი არ იყო, არამედ საკუთარი თავის ისე წარმოჩენა, როგორც წარმოაჩინეს“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.
კანონმდებელი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მას საქართველოში, ბოლო პერიოდში დესტრუქციული როლი რა დოზით ჰქონდა, ეს ყველამ დაინახა.
„არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში, 2020 წელს ჩატარდება. ერთი მხრივ, დიალოგს ითხოვენ და მეორე მხრივ, არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. არ ვიცი, თან დაუმორჩილებლობა და თან დიალოგი რომელ პოლიტიკურ კულტურაში წერია. ან ერთი გზა უნდა აირჩიონ ან – მეორე. მიხეილ სააკაშვილის რიტორიკასა და ტონალობას თუ მიჰყვებიან, ამ ყველაფრით ცუდად წარმოჩნდებიან“, – დასძინა ჩუგოშვილმა.
თელავში გუშინ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართა.