თამარ ჩუგოშვილი - კეთილსინდისიერ მოსამართლეებს უვადოდ დანიშვნაში ხელი არ უნდა შევუშალოთ
თამარ ჩუგოშვილი - კეთილსინდისიერ მოსამართლეებს უვადოდ დანიშვნაში ხელი არ უნდა შევუშალოთ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ორი ძირითადი ინტერესია გასათვალისწინებელი.

როგორც მან მოსამართლეების უვადოდ განწესებაზე მორატორიუმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, გასარკვევია, იძლევა თუ არა კონსტიტუცია ამის საშუალებას.

„ვთხოვე ჩემს თანამშრომლებს, უკეთესად გავერკვეთ, იძლევა თუ არა კონსტიტუცია ამის შესაძლებლობას. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ორი ინტერესი მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით. ერთი ის,  რომ სასამართლო კორპუსში სრულად არ არიან დაკომპლექტებული მოსამართლეები, ანუ მეტი მოსამართლე სჭირდება ქვეყანას ვიდრე ჰყავს და ამ მოსამართლეების დანიშვნა უნდა მოხდეს ისე, რომ ამ პოზიციისთვის მაქსიმალურად საინტერესო ადამიანები და კადრები იყვნენ შერჩეული.  მეორე – მოსამართლეები, რომლებიც გამოსაცდელი ვადით მუშაობენ და არიან კეთილსინდისიერები, უვადოდ დანიშვნაში ხელი არ უნდა შევუშალოთ. ასეთი ბევრი მოსამართლეა. ამიტომ კანონპროექტი უკეთ უნდა ვნახო, რათა ვიცოდე ზუსტად რა ნაწილს ფარავს“, – თამარ ჩუგოშვილი.

პარლამენტის ცხრა წევრმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტი გუშინ დარეგისტრირდა. მას ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.