თამარ ჩუგოშვილი - კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევაზე საკანონმდებლო ზომები ადეკვატურია იმ საფრთხის, რომლის წინაშეც არის ქვეყანა
თამარ ჩუგოშვილი - კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევაზე საკანონმდებლო ზომები ადეკვატურია იმ საფრთხის, რომლის წინაშეც არის ქვეყანა

დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევაზე მიღებული საკანონმდებლო ზომები ადეკვატური და პროპორციულია იმ საფრთხის, რომლის წინაშეც ქვეყანა არის.

როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, თავდაპირველად, კანონპროექტი გულისხმობს დამრღვევი პირის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანონის მოთხოვნების დარღვევა განმეორებით მოხდება, ეს შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისგებლობაშიც გადავიდეს.

„ამოცანა ვინმეს დასჯა არ არის. ამოცანაა, რომ საკარანტინო ზომები ყველა მოქალაქემ დაიცვას, ვისაც ამის აუცილებლობა აქვს და ვინც შეიძლება რისკის ან ვირუსის მატარებელი იყოს. მიღებული ზომები ადეკვატური და პროპორციულია იმ საფრთხის, რომელშიც ყველა ერთად ვართ. ცვლილებების მიღება საჭიროა დაჩქარებული წესით, რათა სახელმწიფო არ გადავიდეს სამოქალაქო უფლებების უკიდურესად შეზღუდვაზე დაუყოვნებლივ და არაპროპორციულად. ჩემი აზრით, ეს ცვლილება არის სწორი და არსებული სიტუაციისთვის ადეკვატური პასუხის გაცემა, – დასძინა ჩუგოშვილმა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარით დაჯარიმდება. ამასთან, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორების შემთხვევაში, პირს შინაპატიმრობა ან ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა დაეკისრება.