კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორების შემთხვევაში, პირს შინაპატიმრობა ან ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა დაეკისრება
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორების შემთხვევაში, პირს შინაპატიმრობა ან ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა დაეკისრება

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის წესით და სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტია. კანონპროექტის გათვალისწინებით, კარანტინის წესის დარღვევა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დაისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ამასთან, პროექტში შენიშვნის სახით ნათქვამია, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

ამასთან, კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარით დაჯარიმდება.