თამარ ჩუგოშვილი - ჯონ მაკკეინის დაკრძალვაზე საქართველოს ჰყავს იმდენივე წარმომადგენელი, რამდენიც ყველა სხვა ქვეყანას
თამარ ჩუგოშვილი - ჯონ მაკკეინის დაკრძალვაზე საქართველოს ჰყავს იმდენივე წარმომადგენელი, რამდენიც ყველა სხვა ქვეყანას

სენატორი ჯონ მაკკეინი იყო ჩვენი ქვეყნის კარგი მეგობარი და მხარდამჭერი,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯონ მაკკეინის დაკრძალვაზე გამგზავრების წინ განაცხადა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, მაკკეინის გარდაცვალება საქართველოსთვის დიდი დანაკარგია.

ამასთან, ვიცე-სპიკერის ინფორმაციით, ჯონ მაკკეინის დაკრძალვაზე საქართველოს ჰყავს იმდენივე წარმომადგენელი, რამდენიც ყველა სხვა ქვეყანას.

„ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიაზე საქართველოდან ორი წარმომადგენელია მიწვეული, როგორც ყველა სხვა ქვეყნიდან. ასე რომ, საქართველოს ჰყავს იმდენივე წარმომადგენელი, რამდენიც ყველა სხვა ქვეყანას.

რაც შეეხება დელეგაციის სტატუსს, მე ვერ გეტყვით რა იყო მიზეზი, სხვადსხვა მაღალი თანამდებობის პირებს რამ შეუშალათ ხელი, მაგრამ არის დელეგაცია წარმოდგენილი. პარლამენტიდან ვართ როგორც უმრავლესობა, ასევე უმცირესობა. ეს არის ის ფორმატი, რაც მისაღებია თავად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

სენატორი მაკკეინი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი. ძალიან კარგი მეგობარი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენგანისთვის მისი გარდაცვალება ძალიან დიდი დანაკარგია“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

სენატორ ჯონ მაკკეინის დაკრძალვაზე გაემგზავრა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე. მისი თქმით, „სამწუხაროა, რომ აშშ-ში ასეთი მცირე დელეგაცია მიდის საქართველოდან“.

სენატორი ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს გარდაიცვალა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ის ტვინის სიმსივნეს ებრძოდა. მაკკეინს ანაპოლისში, საზღვაო აკადემიის სასაფლაოზე 2 სექტემბერს დაკრძალავენ.