თამარ ჩუგოშვილი - გეტყვით, ვინ შოპინგობს ორი წელია ბიუჯეტის ფულით, ეს არის დავით ბაქრაძე, დელეგაციის ხელმძღვანელი ვარ და ორჯერ მყავს ნანახი ასამბლეაში
თამარ ჩუგოშვილი - გეტყვით, ვინ შოპინგობს ორი წელია ბიუჯეტის ფულით, ეს არის დავით ბაქრაძე, დელეგაციის ხელმძღვანელი ვარ და ორჯერ მყავს ნანახი ასამბლეაში

დავით დარჩიაშვილს დაუწერია, ჩუგოშვილი საშოპინგოდ იყო წასულიო. ბატონო დავით, გეტყვით, ვინ შოპინგობს ჩემს თვალწინ ორი წელია ბიუჯეტის ფულით. ეს არის დავით ბაქრაძე. მესამე წელია, დელეგაციის ხელმძღვანელი ვარ და ბატონი დავითი ორჯერ მყავს ნანახი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ე.წ. მაგნიტსკის სიასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს ეხმაურება.

„ძვირფასო მეგობრებო, დღეს ოპოზიციის მხრიდან ატყდა ამბავი მაგნიტსკის სიასთან დაკავშირებით. მე მათ არ ვპასუხობ. მინდა, დაინტერესებულ საზოგადოებას არ დავუტოვო კითხვები, ამიტომ ბოლო განმარტებას ვაკეთებ:

1. გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კენჭს უყრიდა რეზოლუციას მაგნიტსკის სიასთან დაკავშირებით. გადავწყვიტეთ, ამ რეზოლუციაში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ჩამატება და ორპატიულად დავაინიცირეთ ცვლილება. ინიციატივის ავტორები არიან დიმიტრი ცქიტიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ბაქრაძე, გიორგი კანდელაკი, ანუ დელეგაციის უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატები თანაბრად არიან ინიციატორები;

2. კომიტეტში, რომელშიც იხილებოდა, ჩვენი წევრი არის ეკა ბესელია, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას;

3. პოლიტიკურ ჯგუფში ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა უმრავლესობის ყველა დეპუტატმა;

4. სესიაზე კენჭისყრის დროს გიორგი კანდელაკს არ ჰქონდა მონაწილეობის უფლება, სთხოვა ადგილის დათმობა ზვიად კვაჭანტირაძეს, რაზეც ის დათანხმდა და შედეგად, გიორგი კანდელაკი სიტყვით გამოვიდა და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო;

5. ჟურნალისტები მეკითხებოდნენ, რატომ არ მონაწილეობდნენ კენჭისყრაში დიმიტრი ცქიტიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე. დიმიტრი არ მონაწილეობდა იმიტომ, რომ მას არ აქვს ხმის უფლება; ბატონი ზვიადი არ მონაწილეობდა იმიტომ, რომ მან ეს უფლება გიორგი კანდელაკს დაუთმო;

6. ასევე მე, როგორც რეზოლუციის მხარდამჭერი, ვესწრებოდი კენჭისყრას. ამ რეზოლუციაზე სამი კენჭისყრა ჩატარდა. სამივეზე, ბუნებრივია, მხარი დავუჭირე. ორი ჩანს შედეგებში, ერთი არა. აპარატი მეუბნება, რომ ხარვეზები ხდება ხოლმე, რადგან თითოეული კენჭისყრა სამი-ოთხი წამის განმავლობაში გრძელდება და დამპირდნენ, რომ ამ ხარვეზს გამოასწორებენ;

7. ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როდესაც იმ საკითხზე, რომელსაც თავად იცავ და რომლის ინიციატორი ხარ, ვიღაც გთხოვს თავის მართლებას. გისურვებთ, ასე არავინ მოგექცეთ;

8. ახლა გავიგე, დავით დარჩიაშვილს დაუწერია, ჩუგოშვილი საშოპინგოდ იყო წასულიო. ბატონო დავით, მე გეტყვით, ვინ შოპინგობს ჩემს თვალწინ ორი წელია ბიუჯეტის ფულით. ეს არის დავით ბაქრაძე. მესამე წელია, დელეგაციის ხელმძღვანელი ვარ და ბატონი დავითი ორჯერ მყავს თვალით ნანახი ასამბლეაში. მით უმეტეს, რომ ბიუჯეტი არამხოლოდ მისი, არამედ მისი დაცვის ხარჯებსაც იხდის. ეს ხდება წელიწადში ოთხჯერ შვიდი დღით. გთხოვთ, დაითვალოთ, რა უჯდება ეს ბიუჯეტს. რაც შემეხება მე და ჩემს დელეგაციას, ყველა ჩვენგანის სამუშაო დღე დილის 07:00 საათზე იწყება და ღამის 09:00 საათზე მთავრდება. ასე რომ, საკუთარი წარსული გამოცდილებით და თავგადასავლებით ჩვენ ნუ განგვსჯით.

მეტი ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებ. ვისაც საკითხი აინტერესებს, აქ საკმარისზე მეტი ინფორმაციაა. ვისაც არ აინტერესებს, ახსნას ისედაც არ აქვს აზრი.

დასასრულს იმას ვიტყვი, რომ ასეთი უღირსი და უმწიფარი გამოხტომები ოპოზიციასთან თანამშრომლობის ხალისს ნამდვილად არ აჩენს, ამას თავადაც მიხვდებით“, – წერს თამარ ჩუგოშვილი „ფეისბუქზე“.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სერგი კაპანაძემ დღეს განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებამ” უნდა განმარტოს, რატომ არ დაუჭირა მხარი ევროსაბჭოში მიღებულ „მაგნიტსკის სიას“, რომლის ერთ-ერთ შემადგენელიც არის „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“. კაპანაძის განცხადების საპასუხოდ, ევროსაბჭოში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოში თითოეულ რეზოლუციაზე რამდენიმე კენჭისყრა ჩატარდა, რომელშიც დელეგაციის ყველა წევრმა მიიღო მონაწილეობა და მხარდაჭერა გამოხატა.