თამარ ჩუგოშვილი - დიალოგის გაგრძელება რთულად წარმოსადგენია, პოლიტიკური ძალები ალბათ მოქმედი სისტემით არჩევნებისთვის უნდა მოემზადონ
თამარ ჩუგოშვილი - დიალოგის გაგრძელება რთულად წარმოსადგენია, პოლიტიკური ძალები ალბათ მოქმედი სისტემით არჩევნებისთვის უნდა მოემზადონ

დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საარჩევნო სისტემაზე დიალოგის გაგრძელება რთულად წარმოსადგენია.

როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, გიგი უგულავას ამ პერიოდში დაკავებამ დიალოგის გაგრძელება ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა და ჩაშალა მოლაპარაკების პროცესი, რომლის მიმართ დიდი მოლოდინი ისედაც არ ჰქონდა.

„ეს წინასაარჩევნო ფონს კიდევ უფრო ამძიმებს. სულ უფრო მცირე დრო რჩება ნებისმიერი ცვლილებისთვის, რომელიც კონსტიტუციაში ან „საარჩევნო კოდექსში“ შეიძლება, შევიდეს. ალბათ, უნდა ველოდოთ იმას, რომ არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემით, რომელიც 77 პროპორციული წესით და 73 მაჟორიტარული სისტემით არჩევას გულისხმობს. ალბათ, ეს უნდა მივიღოთ უკვე როგორც რეალობა და პოლიტიკური ძალები უნდა მოემზადონ ამ სისტემით არჩევნების ჩასატარებლად“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს თბილისის ყოფილ მერს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

უზენაესი სასამართლოს განაჩენი ცნობილი გახდა მაშინ, როცა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში საარჩევნო სისტემის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა მიმდინარეობდა, რომელშიც უგულავაც მონაწილეობდა.

შეხვედრის შემდეგ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ დიალოგის მეხუთე რაუნდი არ შედგება.