თამარ ჩუგოშვილი - ჩვენ არ ვადარებთ ადამიანებსა და შენობებს, დავით უსუფაშვილს ასეთი კომენტარი არ უნდა გაეკეთებინა
თამარ ჩუგოშვილი - ჩვენ არ ვადარებთ ადამიანებსა და შენობებს, დავით უსუფაშვილს ასეთი კომენტარი არ უნდა გაეკეთებინა

თუ პარლამენტის ინსტიტუციას და მნიშვნელობას შევადარებთ პრეზიდენტისას, დავრწმუნდებით, რომ პარლამენტს სამჯერ დიდი შენობა სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, „შენების მოძრაობის“ ლიდერს, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს არაკორექტული გამონათქვამები არ ახასიათებს ხოლმე და მისთვის გასაკვირი იყო დავით უსუფაშვილის განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის განთავსების ადგილთან დაკავშირებით.

„ჩვენ არ ვადარებთ ერთმანეთს ადამიანებსა და შენობებს. ჩვენ ვლაპარაკობთ ინსტიტუციებზე და თუ ინსტიტუციების მასშტაბზე და მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, პარლამენტის როლისა და დატვირთვის გათვალისწინებით, მგონი, ასეთი კომენტარი არ უნდა გაეკეთებინა. თუ პარლამენტის ინსტიტუციას და მნიშვნელობას შევადარებთ პრეზიდენტისას, მგონი, დავრწმუნდებით, რომ პარლამენტს ალბათ სამჯერ უფრო დიდი შენობა სჭირდება, თუ ასეთ შედარებებზე გადავდივართ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება დავით უსუფაშვილის მოსაზრებას, რომ მმართველი გუნდის განცხადებების თანახმად ისინი დაბალი რანგის, ნაკლებად წონიან და ნაკლები ავტორიტეტის მქონე ადამიანს ეძებენ, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დაუჭერენ, თამარ ჩუგოშვილმა განცხადა:

„მხარდაჭერას რაც შეეხება, ბატონ დავითს შეუხლია, თავისი ძალებით მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და ვნახავთ შედეგებს, გამოჩნდება“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა დღეს განაცხადა, რომ „ადმინისტრაციულ-სახელისუფლებო წონის მიხედვით თუ განვსაზღვრავთ, პარლამენტის თავმჯდომარე მინუს მესამე სართულზე უნდა განვალაგოთ“.