თამარ ჩუგოშვილი - ამერიკის გავლენიან წრეებში იმ აზრის დამკვიდრება, რომ საქართველოს ნატო-ს წევრობა მნიშვნელოვანია,  კარგ ნიშნად მიმაჩნია
თამარ ჩუგოშვილი - ამერიკის გავლენიან წრეებში იმ აზრის დამკვიდრება, რომ საქართველოს ნატო-ს წევრობა მნიშვნელოვანია, კარგ ნიშნად მიმაჩნია

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ძალიან კარგ ნიშნად მიიჩნევს ამერიკის გავლენიან წრეებში იმ აზრის დამკვიდრებას, რომ საქართველოს ნატო-ს წევრობა არის თავად ამერიკისა და თავად გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი. 

ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა ჟურნალისტებთან ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის Heritage Foundation-ის ანგარიშზე, „საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში შედის“ კომენტარისას განაცხადა.

მისი თქმით, Heritage Foundation არ არის სამთავრობო ორგანიზაცია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად აზრის ფორმირების კუთხით.

„მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ჯგუფების მხრიდან თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში მყარდება და მკვიდრდება აზრი, რომ საქართველო არის თავად ამერიკის და გლობალური უსაფრთხოევისთვის მნიშვნელოვანი აქტორი, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო წლებია ატარებს რეფორმებს და ემზადება, რომ განავითაროს საკუთარი ინსტიტუციები და დაუახლოვდეს ნატო-ს სტანდარტებს. ეს შეფასება ვფიქრობ, წლების მუშაობის შედეგიც არის. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ძალიან ბუნდოვანია და უცნობია წევრობას როდის მიიღებს საქართველო, ზუსტად დროში როდის იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ამერიკის გავლენიან წრეებში იმ აზრის დამკვიდრება, რომ საქართველოს ნატო-ს წევრობა არის თავად ამერიკის და თავად გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი, მე მიმაჩნია ძალია კარგ ნიშნად“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი კვლევის იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, სადაც საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუსეთის რეაქციაზეა საუბარი.

 თამარ ჩუგოშვილის თქმით, არავისთვის არის სიახლე, რომ რუსეთი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგია.

„მაგრამ ნატო-ს წევრობა არის დეკლარირებული ამოცანა ჩვენი ქვეყნის იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, დაცულობა ყველაზე უკეთ შეიძლება ამ ალიანსში გაწევრიანებამ უზრუნველყოს. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მეზობელს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, ეს არ უხარია, საქართველოსთვის ყველაზე მეტ დაცულობას ნატო-ში გაწევრიანება მოიტანს და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში შედის, – ამ სათაურით გამოაქვეყნა ანგარიში პრესტიჟულმა ამერიკულმა კვლევითმა ინსტიტუტმა Heritage Foundation-მა.

ანგარიშის ავტორი ინსტიტუტის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ამერიკელი ექსპერტი ლუკ კოფია.

პუბლიკაციაში ვრცლად არის მიმოხილული საქართველოს მიერ ნატო-სთან დაახლოებისთვის გადადგმული ნაბიჯები და აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ საქართველო ვერ აიძულა, თავი შეეკავებინა დასავლეთთან კავშირების გამყარებისგან.