თამარ ჩერგოლეიშვილი - რევოლუცია არ მინდა, სისტემას ვანჯღრევ, რომ დათმობაზე წამოვიყვანო
მე დღეს მაქვს განცდა, რომ ისეთი პროცესია დაძრული, რომელსაც ვერაფერი გააჩერებს, – ამის შესახებ „ტაბულას“ ხელმძღვანელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„შეიძლება, რაღაც ერთთვიანი პაუზა მოხდეს, შეიძლება, ორი კვირით დავისვენოთ, ახალ წელს ან რაღაც, მაგრამ ამას ვერაფერი გააჩერებს“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
მისი თქმით, არავის სჯერა იმისი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩავარდა.
„ამის არავის სჯერა და მაგას არავინ ჭამს. ივანიშვილმა საერთოდ დასაცინი გაიხადა თავი და კიდევ უარესი მოხდა. მაგას ჯობდა, გამოსულიყო და კაცურად ეთქვა, ვაგდებო. რა ცირკიც მოაწყო, ამით კლოუნად იქცია საკუთარი თავი. იმიტომ, რომ ეს ხომ არავის უჭამია? ტრიუკი, ტრიუკიო, რომ გაიძახიან, ტრიუკი ის არის, როცა ვინმე მოტყუვდება და ეს რა ტრიუკია, როცა ყველამ ყველაფერი დაინახა და მიხვდა, რაც იყო?“ – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
როგორც ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რევოლუციას არავინ აწყობს და გაუგებარია, რატომ მიდის ამაზე საუბარი.
„თქვენ გგონიათ ვინმე ან მე იქ რომ ვდგავარ, რევოლუციას ვაწყობთ? არაფერი, სისტემას ვანჯღრევ, რომ დათმობაზე წამოვიყვანო. თქვენ გგონიათ, რევოლუცია მინდა? რევოლუცია არ მინდა. მე ვარ „ვარდების რევოლუციის“ გულშემატკივარი. მინდა, რომ ის რევოლუცია ნაყოფიერი აღმოჩნდეს და მინდა, „ვარდების რევოლუციის“ შედეგად შექმნილიყო ისეთი სისტემა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნებოდა ლიბერალურ-დემოკრატიული წესით ხელისუფლებების ცვლა“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
ჩერგოლეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მას არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით სურს.
„მე არჩევნები მინდა, ოღონდ პროპორციული წესით და მარტო მე კი არ მინდა, ბურჯანაძესაც უნდა. თუ ვინმეს არ უნდა, ყველაზე მეტად მიშას არ უნდა. იმიტომ, რომ თვითონ ზიანდება და ბიძინას არ უნდა“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
მისი თქმით, თუ ხელისუფლებას ჩიხიდან გამოსვლა სურს, გერმანული მოდელი გამოსავალი არის.
„თუ ამ ჩიხიდან უკან გამოსვლა სურს, მას აქვს ამის საშუალება. არ გამოვა და მიიღებს ნჯღრევას. თუ ეს ხელისუფლება გაუძლებს იმას, რომ 500-500 კაცის დასარბევად 3000-კაციანი არმიები ქუჩაში არბენინოს, კი ბატონო“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.