თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მხარდასაჭერად გენერალურ პროკურატურასთან ანა დოლიძე მივიდა
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მხარდასაჭერად გენერალურ პროკურატურასთან ანა დოლიძე მივიდა

გენერალურ პროკურატურასთან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მხარდასაჭერად მოძრაობა „ხალხისთვის“ დამფუძნებელი ანა დოლიძე მივიდა. დოლიძის თქმით, მხარს უჭერს ოჯახის მოთხოვნას, რომ საქმის გამოძიებაში FBI ჩაერთოს, რადგან როგორც დოლიძე ამბობს, ამერიკის ფედერალური ბიურო მეტად კომპეტენტური და საქმეში მიუკორძოებელი იქნება.

ანა დოლიძე არ ენდომება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას და ინფორმაციას კომპიუტერის ექსპერტიზასთან დაკავშირებით. გარდა ამისა ის აღნიშნავს, რომ თვითმკვლელობის ვერსია ეჭვქვეშ სწორედ გამოძიების ხარვეზების გამო დგება.

„ოჯახის წუხილი, რომ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ამ საქმეში სიმართლეს ვერ დაადგენენ, არის დასაბუთებული. იმის მაგივრად, რომ იზრუნონ სიმართლეზე, ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტრო უბრალოდ არის ჩართული შავ პიარში, გაურკვეველი წარმოშობის მასალების გამოქვეყნებაში, რომელიც კიდევ უფრო რევს სიმართლის სურათს. ამიტომ, ოჯახის მოთხოვნა, რომ აქ სასწრაფოდ ჩაერთოს FBI, რომლის კომპეტენტურობაში მას ეჭვი არ შეეპარება, არის მართალი და ლეგიტიმური. ამ მოთხოვნის მხარდასაჭერად მოვედი აქ. პირადად ვიცი, რა არის ასეთი მგლოვიარე ოჯახის მდგომარეობა.ირინა ენუქიძესთან ერთად ვმუშაობდი და ვიბრძოდი. ეს არის რთული მდგომარეობა. ვერავითარი რწმენა, რომ ეს მასალები არის ავთენტური, ვერ გვექნება. ისეთი ტიპის მასალებია გამოქვეყნებული, რაც მეშვიდე კლასელსაც შეუძლია, შექმნას ხვალვე კომპიუტერზე. ვერავითარი რწმენა, რომ ეს ნამდვილი მასალებია, ვერ გვექნება.

თავად ის ფაქტი, რომ გამოძიებას აწარმოებს საზოგადოება, მიუთითებს შსს-ს და ხელისუფლების დაბალ კომპეტენციაზე ან მიკერძოებულობაზე. ვერსიებს ოჯახი არ უნდა წარმოშობდეს და პროკურატურაში ჯდომა არ უნდა სჭირდებოდეთ, რათა გამოძიება დაიძრას. დღეს ოჯახი ისეთ მდგომარეობაშია, რომ ადამიანის პოვნისთვის მაგისტრალი გადაკეტეს. დღეს მათ შიმშილობა სჭირდებათ პროკურატურასთან, რომ გამოძიება წინ წავიდეს. თქვენ გგონიათ ეს ნორმალური ვითარებაა? თქვენ გგონიათ ეს აჩვენებს, რომ კანონის უზენაესობის ქვეყანაში ვცხოვრობთ? მგონია, რომ გარდაცვლილის ოჯახს, როდესაც ამხელა ჯაფა სჭირდება, რომ ელემენტარულ სიმართლეს მიაღწიოს, ეს მიანიშნებს რომ რაღაცა ყარს ამ საქმეში“,- განაცხადა დოლიძემ.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა ადვოკატთან ერთად დღეს ბრიფინგი მთავარ პროკურატურასთან გამართეს. ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ირაკლი შოთაძეს მიმართა, ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში „ეფბიაის“ ჩართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს.

ამასთან, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა დღეს პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო. ოჯახი სოლიდურ თანხას სთავაზობს მათ, ვინც საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ირაკლი შოთაძეს დღეს, 14:00 საათზე შეხვდებიან.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ  გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საზოგადოებას აწვდის შუალედურ ინფორმაციას თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

დატოვე კომენტარი