არჩილ თალაკვაძე -  ვწუხვართ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს გახარიას მეგობრებმა, მაგრამ გარწმუნებთ, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ქვეყნის კეთილდღეობისთვის
არჩილ თალაკვაძე - ვწუხვართ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს გახარიას მეგობრებმა, მაგრამ გარწმუნებთ, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ქვეყნის კეთილდღეობისთვის

„ქართული ოცნება“ და ხელისუფლება დგას იმ ვალდებულებების, პირობების უკან, რომელიც ჩვენ მივეცით საზოგადოებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში მყარი უმრავლესობა ექნება.

„ადრეც გითხარით და კიდევ ერთხელ მინდა, გითხრათ, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში აქვს და ექნება მყარი უმრავლესობა. ჩვენ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის. რასაკვირველია, კიდევ ერთხელ ყველას, ჩვენს კონკურენტებს ვაჩვენებთ, თუ რა მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ვერ გეტყვით, რა თქმა უნდა, ისინი ნერვიულობენ. გუშინ ჩვენ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების განცხადებებიც. მესმის, ისინი ნერვიულობენ, არ დაკარგონ ის ადგილი, რაც ოპოზიციას ეკუთვნის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში. თუმცა ძალიან იაფფასიანად ცდილობენ, რომ რაღაცნაირად მოუძებნონ ამას ადვილი არგუმენტი, უპასუხისმგებლო არგუმენტი, რომ თითქოს გიორგი გახარია არის „ქართული ოცნების“ პროექტი. მერწმუნეთ, ეს ასე არ არის და დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ასე არ არის. თუ ჩვენ ვნახავთ, რა პოლიტიკურ პარტიას ქმნიან ჩვენი უკვე ყოფილი კოლეგები და რა იქნება მათი პლატფორმა, რა მიზნებს ჩამოაყალიბებენ ისინი, შემდეგ თქვენ უფრო დარწმუნდებით, რომ ოპოზიცია ტყუილად არ ნერვიულობს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვწუხვართ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო გიორგი გახარიამ თავის დროზე და დღეს უკვე მისმა მეგობრებმა, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება დგას იმ ვალდებულებების, პირობების უკან, რომელიც ჩვენ მივეცით საზოგადოებას. გარწმუნებთ, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების კეთილდღეობისთვის. მესმის, გულდასაწყვეტი იქნება ეს ნაბიჯები ბევრი ჩვენი კოლეგისთვის. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეს იყო არასწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის ექვსმა წევრმა დღეს პარტია „ქართულ ოცნება“ დატოვა.

პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ მუშაობას.

„გიორგი გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, ექვსი დეპუტატი გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

დატოვე კომენტარი