თაკო ჩარკვიანი - პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნის თემა „ნაციონალური მოძრაობის“ სახელს უკავშირდება
თაკო ჩარკვიანი - პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნის თემა „ნაციონალური მოძრაობის“ სახელს უკავშირდება

პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილად იყო პროპორციული არჩევნების ინიციატორი.

მისივე თქმით, აღნიშნულს ის დოკუმენტიც მოწმობს, რომელიც პარლამენტშია შეტანილი.

თაკო ჩარკვიანის აზრით, სწორედ ამას გულისხმობდა გრიგოლ ვაშაძე თავის განცხადებაში.

„თუ გახსოვთ თქვენ, პროპორციულის გამო ორასიათასი ხელმოწერა შევიტანეთ, ამის ინიციატორი იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და მათ ლომის წვლილი მიუძღვით. პროპორციულის მოთხოვნის თემა ობიექტურად ვამბობ, რომ უკავშირდება „ნაციონალური მოძრაობის“ სახელს. არის პარლამენტში დოკუმენტი შეტანილი და აქედან გამომდინარე თქვა მან. შემდეგ პროცესები როგორც წარიმართა, „ნაციონალურ მოძრაობა“ –„ძალა ერთობაშიასთან“ ერთად ყველას მიუძღვის წვლილი. მე ვესაუბრე ბატონ გრიგოლს და ვიცი, რატომ თქვა ეს, რადგან ზაფხულის მოვლენებამდე ნამდვილად „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ინიციატორი“ ,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მან „გირჩის“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს ურჩია, აღნიშნულ საკითხს ასე მწვავედ ნუ დააყენებს.

„ვურჩევდი ბატონ ზურაბ ჯაფარიძეს, ასე მწვავედ ნუ დააყენებს ამ საკითხს. ბატონი გრიგოლი ძალიან კარგი დიპლომატია და საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს ძალიან გასაფრთხილებელი ფიგურა არის, დასავლური კუთხის ძალიან ბრწყინვალე დიპლომატია და ამიტომ ძალიან დიდ პატივს ვცემ“ ,- განაცხაადა თაკო ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოითხოვა და გამოგლიჯა ხელიდან ოლიგარქს გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად პროპორციული არჩევნების დაპირება“.

გრიგოლ ვაშაძის ამ განცხადებამ „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის უკმაყოფილება გამოიწვია. ჯაფარიძე პროპორციულ არჩევნებზე ვაშაძის პოზიციას არ ეთანხმება.

ამიტომ, ზურაბ ჯაფარიძის თქმით,  მონაწილეობას აღარ მიიღებს ოპოზიციის საერთო საკონსულტაციო ფორმატის შეხვედრებში, რომელშიც გრიგოლ ვაშაძე იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, პარტიის პოზიციის გამხმოვანებელი.

„ამ ადამიანმა განაცხადა და თან არაერთხელ, რომ პროპორციული არჩევნები ჩვენ დავადებინეთ ხელისუფლებას, მადლობა ახალგაზრდებსო, მაგრამ ეს საქმე ჩვენი გაკეთებული არისო. ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს და გვაქვს პოლიტიკური კონსულტაციები ყველა პარტიასთან, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ არაერთ ლიდერთან უამრავ მნიშვნელოვან თემაზე, მათ შორის პირველ რიგში, როგორ უნდა შევცვალოთ ეს ქვეყანა, როცა ივანიშვილი აღარ იქნება ხელისუფლებაში. კონკრეტულად ამ ადამიანთან საუბარს აღარ ვაპირებთ და მათ შორის ეს ადამიანი თუ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ აზრის გამხმოვანებელი, იმ საერთო საკონსულტაციო ფორმატში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ“ ,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.