თაკო ჩარკვიანი - პრეზიდენტი უნდა გახდეს გრიგოლ ვაშაძე, სტაბილური პიროვნება, რომლის ოჯახშიც კიაფობს საოცარი ბრილიანტი
თაკო ჩარკვიანი - პრეზიდენტი უნდა გახდეს გრიგოლ ვაშაძე, სტაბილური პიროვნება, რომლის ოჯახშიც კიაფობს საოცარი ბრილიანტი

პრეზიდენტი უნდა გახდეს გრიგოლ ვაშაძე, სტაბილური პიროვნება, რომლის ოჯახშიც კიაფობს საოცარი ბრილიანტი, – ამის შესახებ პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის წარდგენისას განაცხადა.

„თუ რაიმე პრეტენზია მქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ეს იყო ის, რომ ახალგაზრდულ ასაკს ახლავს სიხისტე, სისასტიკეც და ეს იყო შეცდომა. გრიგოლ ვაშაძეს ზუსტად ის თვისებები აქვს, რის გამოც მე ვეწინააღმდეგებოდი „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვღელავდი. არაფერი საღელვებელი აღარ არის. ეს ინსტიტუცია როგორმე უნდა მოხდეს ოპოზიციონერის ხელში და ისეთი სტაბილური პიროვნების ხელში, ისეთი კეთილშობილი ადამიანის ხელში, რომლის ოჯახშიც კიაფობს საოცარი ბრილიანტი, რომელმაც დიდი შრომის ფასი იცის“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

​თაკო ჩარკვიანის თქმით, ის ხმას აძლევს გრიგოლ ვაშაძეს, როგორც უბრწყინვალეს პიროვნებასა და უმაღლესი რანგის დიპლომატს.

​პარტიული არჩევნები რომ იყოს, მე დღეს აქ არ ვიდგებოდი. მაგრამ ეს არა არის პარტიული არჩევნები, ეს არის ინდივიდუალური პიროვნების არჩევა. ძალიან მაწუხებს ერთი რაღაც, დასავლეთის კურსი. არავითარი ემოციური გადაწყვეტილება არ მიმიღია, გააზრებული მაქვს. ეს ინსტიტუცია როგორმე უნდა ჩაიგდოს ხელში ოპოზიციურმა ძალამ. ეს ერთი ინსტიტუცია, რომელიც ზოგიერთი გვეუბნება, რომ ამას დიდი ძალა არა აქვს, დიდი ძალა აქვს ნამდვილად. სულ ცოტა, ის ძალა აქვს, რომ ის ტემპი და მუშაობა, რომელიც შეწყვეტილია დასავლეთის კურსის მიმართულებით, აღარ არსებობს, რადარებიდან არის გასული, ჩემთვის ეს არის უპირველესი. გასულია, არაფერში აღარ წერია, არცერთი ინსტიტუცია აღარ მუშაობს. არავითარი უნიათობა აქ არ არის, ეს არის შეგნებული სტაგნაცია, რადგან შენ თუ არ გინდა სადღაც შესვლა, არავინ შეგეხვეწება, ამისთვის რაღაც მუშაობაა ჩასატარებელი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ათი ოპოზიციური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე იქნება. ვაშაძე კანდიდატად პარტიებმა ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში წარადგინეს.