დეონტე ვაელდერმა რამდენიმე დღის წინ მორიგი გამარჯვება იზეიმა და ტიტული კიდევ ერთხელ დაიცვა. დაუმარცხებელმა ამერიკელმა მოკრივემ ლუის ორტიზი კარიერაში მეორედ დაამარცხა. ამჯერად მეშვიდე რაუნდში, ნოკაუტით. მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ვაელდერმა ჩემპიონის ქამარი მეათედ დაიცვა და ამ შედეგით ლეგენდარულ მუჰამედ ალის გაუთანაბრდა. ბრძოლის შემდეგ დეონტემ საკუთარი თავი ყველაზე ძლიერ დამრტყმელად დაასახელა.
დეონტეს გამარჯვებას ტაისონ ფიურიც გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ფიურიმ და ვაელდერმა 2018 წლის დეკემბერში იბრძოლეს. 12 რაუნდიანი დაპირისპირება ფრედ დასრულდა, რაც იმას ნიშნავვ რომ ვაელდერმა WBC-ის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. ეს ერთადერთი ბრძოლა გამოდგა, რომელიც ვაელდერმა გამარჯვებით ვერ დაასრულა. ორ მოკრივეს შორის რემატჩი 2020 წლის თებერვალში არის დაგეგმილი. ტაისონ ფიურის განცხადებით დეონტეს ერთადერთი შანსი აქვს მის დასამარცხებლად და ეს მისი დამრტყმელი ძალაა, თუმცა მანჩესტერელი მოკრივეს თქმით ის განმეორებითი ბრძოლისთვის ბევრად ყურადღებით მოემზადება და რინგზე ვაელდერს შანსს არ დაუტოვებს.