დეონტეი უაილდერი - ფიური არ არის ჩემპიონი, სანამ ჩემთან მესამე ბრძოლას არ ჩაატარებს
დეონტეი უაილდერი - ფიური არ არის ჩემპიონი, სანამ ჩემთან მესამე ბრძოლას არ ჩაატარებს

ამერიკელმა მოკრივემ დეონტეი უაილდერმა აღიარა, რომ ელოდება მესამე ბრძოლას ბრიტანელი ტაისონ ფიურის წინააღმდეგ, რომელიც სუპერმძიმე წონაში WBC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელია.

„ჩემს თვალში ფიური არ არის ჩემპიონი. და არც იქნება, სანამ ჩემთან მესამე ბრძოლას არ ჩაატარებს. ამ სპორტში დიდი ხანია ვარ. ხალხს, ვისაც ესმის კრივი, კარგად იცის, რომ ჩვენს ბოლო ბრძოლაში მე ნამდვილი არ ვიყავი. ეს ფიურიმაც იცის. მე ზომბივით ვიყავი. დღემდე არ მჯერა, რომ ასეთი რამ შემემთხვა. ჯერ ისევ ვცდილობ გავერკვე, რა მოხდა სინამდვილეში. მე ხომ დეონტეი „ბრინჯაოს ბომბდამშენი” უაილდერი ვარ. რატომ არ უნდა მინდოდეს მესამე ბრძოლის გამართვა? ბოლო ბრძოლაში რაღაც ისე არ იყო. მაგრამ, ახლა, ჩემში ბევრი ცეცხლია. ეს იქნება გადამწყვეტი ორთაბრძოლა,“ – თქვა უაილდერმა პოდკასტ „პრემიერ ბოქსინგ ჩემფიონშიფ“-ის (Premier Boxing Champions) ეთერში.

2020 წლის თებერვალში, ტაისონ ფიურიმ ნოკაუტით დაამარცხა დეონტეი უაილდერი WBC-ის ტიტულისთვის ბრძოლაში. უფრო ადრე, ამ მოკრივეთა პირველი ბრძოლა ფრედ დასრულდა. მესამე შეხვედრის სავარაუდო თარიღი იყო ამა წლის ივლისი, მაგრამ ის კორონავირუსის გამო გადაიტანეს. პრესის ინფორმაციით, ბრძოლა ლას ვეგასში ოქტომბერში ჩატარდება.

დატოვე კომენტარი