„ტაიმაუტმა“ წლის რჩეული სპორტსმენები დააჯილდოვა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ წლის გამორჩეული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

სპორტის ლეგენდა – ლაშა შავდათაუშვილი და ნინო სალუქვაძე

სპორტის ლეგენდის ჯილდოები გადაეცათ ოლიმპიურ ჩემპიონებს, ლაშა შავდათაუშვილსა და ნინო სალუქვაძეს.

„ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ერისა და ქვეყნის წინაშე. ბევრი მთხოვს, რომ მე-10 ოლიმპიადაზეც ვიასპარეზო, მაგრამ ვნახოთ“, – განაცხადა ცხრა ოლიმპიადის მონაწილემ, სპორტის ლეგენდა ნინო სალუქვაძემ.

„მინდა, ახალგაზრდა სპორტსმენებს მივმართო, დიდი წარმატებები თავისით არ მოდის, იშრომეთ თავდაუზოგავად. ოლიმპიადა დიდი შეჯიბრებაა და ბედნიერი ვარ, რომ უამრავი გულშემატკივარი მყავს. ეს დიდი სტიმულია“, – ამბობს ოლიმპიური ჩემპიონი და სამივე სინჯის მედლის მფლობელი, სპორტის ლეგენდა ლაშა შავდათუაშვილი

წლის გამარჯვება – საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მოგება შვედეთთან

– „ტაიმაუტისთანაწმყვანმა, ვლადიმერ გუცაევმა საგანგებო პრიზით საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2021 წელს შვედეთთან გამარჯვებისთვის დააჯილდოვა.

ვლადიმერ გუცაევი: „საქართველოს ნაკრებს აქვს ძალიან კარგი თვისება, ყოველთვის იძლევა ნაპერწკალს მომავალ სეზონისთვის. ჩვენმა ნაკრებმა შვედებთან ძალიან კარგი ფეხბურთი აჩვენა და მიმაჩნია, რომ ამ ჯილდოს იმსახურებს“.

საქართველოს ნაკრების სახელით პრიზი მცველმა ოთარ კაკაბაძემ მიიღო: „თქვენგან ამ პრიზის მიღება ორმაგად სასიხარულოა, მადლობა ყველა მოთამაშეს და რაც მთავარია გულშემატკივარს, რომლებმაც ბათუმის სტადიონზე ნამდვილი ზეიმი მოაწყო. ერთა ლიგაზე ჩვენი მიზანია, რომ ხალხს ავუსრულოთ ის დიდი ოცნება, რასაც ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე თამაში ჰქვია. შვედეთთან მოგება ამაში ფსიქოლოგიურად დაგვეხმარება. ჩვენ ძალიან იმედიანად ვართ“.

წლის გარღვევა – ეკატერინე გორგოძე

2021 წლის გარღვევა – ეს პრიზი ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ მოიგო, რომელმაც წლის განმავლობაში მნიშვნელოვან გამარჯვებებს მიაღწია.

„ეს წელი ერთ-ერთი საუკეთესო წელი მქონდა კარიერაში. 2022-ში ვგეგმავ ყველა დიდი ტურნირის თამაშს. საბედნიეროდ, ჩემი რეიტინგი ამის საშუალებას მაძლევს“, – განაცხადა „ტაიმაუტში“ ეკატერინე გორგოძემ, რომელიც გადაცემაში ესპანეთიდან ჩაერთო.

წლის ლეგიონერი – გიორგი შერმადინი

2021 წლის ლეგიონერის ჯილდოს მფლობელი კალათბურთელი გიორგი შერმადინი გახდა, რომელიც ესპანეთში წლის მოთამაშედ აღიარეს.

გიორგი შერმადინი: „დიდი მადლობა დაფასებისთვის. კორონავირუსთან ბრძოლა უფრო რთული ყოფილა, ვიდრე კალათის ქვეშ ბრძოლა. მეოთხე დღეა ვირუსი დამიდასტურდა და დღეს უკეთ ვარ. 14 წელია პროფესიონალურ კალათბურთს ვთამაშობ და ასეთი წელი ჯერ არ მქონია. დამიფასდა, ესპანეთი საუკეთესო მოთამაშედ მაღიარეს. ვისურვებდი ახალი წელიც ასეთი იყოს“.

წლის ახალგაზრდა – დავით ნინიაშვილი

2021 წლის ახალგაზრდად „ტაიმაუტმა“ მორაგბე დავით ნინიაშვილი აღიარა, რომელსაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდა.

დავით ნინიაშვილი: „წელი ნამდვილად ნაყოფიერი იყო. ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოს მეორე ლიგის „ხვამლიდან“ ჯერ საქართველოს ნაკრებში, შემდეგ კი ტოპ 14-ის გუნდში ვითამაშებდი“.

წლის იმედი – საქართველოს 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრები

2021 წლის იმედის ჯილდო საქართველოს 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრებმა მოიგო, რომელმაც გასვლაზე რუმინეთთან 1:1 ითამაშა, ხოლო ნოემბერში ბათუმში ინგლისი 3:2 დაამარცხა.

გიორგი გულიაშვილი, საქართველოს 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი: „შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ინგლისთან მოგება ჩვენს კარიერაში გარდამტეხი იყო და ამ გამარჯვებით ყველამ დაინახა, რომ ნებისმიერ გუნდთან შეგვიძლია თამაში და გამარჯვება“.

 

წლის ფედერაცია – ფიგურული ციგურაობის ფედერაცია

2021 წლის ფედერაციის ჯილდო დამსახურებულად გადაეცა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას, რომლის ორგანიზებითაც საქართველომ ყველა დისციპლინაში მოიპოვა ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება. ეს იმ დროს, როდესაც საქართველოში სრულფასოვნად მოსამზადებლად ყინულის დარბაზი არ არის.

მაკა გიორგიობიანი, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი: „მაქსიმალურად ვეცდებით გავამართლოთ ჩვენი გულშემატკივრების იმედები პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე. ჩვენ გახარებულები ვართ, რომ შეგვიძლია საქართველო გუნდურ ასპარეზობაში წარვადგინოთ“.

2021 წლის მწვრთნელი – ლაშა გუჯეჯიანი

ტაიმაუტმა“ 2021 წლის საუკეთესო მწვრთნელად ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი დაასახელა, რომლის ხელმძღვანელობითაც რუსეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა შერეულ გუნდურ ტურნირზე კონტინენტის საუკეთესო ნაკრების ტიტული მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე 9 მედალი მოიპოვეს, ოლიმპიადაზე კი ჩემპიონობა იზეიმა ლაშა ბექაურმა, ხოლო ვიცე-ჩემპიონები გახდნენ ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და გურამ თუშიშვილი.

ლაშა გუჯეჯიანი: „თითოეულ სპორტსმენს მადლობას გადავუხდი, რადგან დღეს, აქ ამ პრიზით ხელში რომ ვდგავარ, მათი დამსახურებაა. იმედია, 2022 წელი უკეთესი იქნება“.

წლის გუნდი – საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები

წინა ჯილდოდან გამომდინარე ლოგიკურია, რომ 2021 წლის გუნდი სწორედ გუჯეჯიანის გაწვრთნილი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გახდა.

ლაშა შავდათუაშვილი: „უპირველსად, გუნდს ამ წარმატებას მივულოცავ. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდეც ცოტა დაგვაკლდა. წელს საოცარი შედეგი გვქონდა, ოლიმპიადაზე მედლები მოვიპოვეთ, შევძელით და ევროპის გუნდური ჩემპიონატი მოვიგეთ. მსგავს ტურნირებზე ყოველთვის მედლებისთვის ვიბრძოლებთ“.

წლის საუკეთესო სპორტსმენი კაცი – ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური

2021 წლის საუკეთესო სპორტსმენი კაცის ჯილდო ერთდროულად ორ სპორტსმენს, ძალოსან ლაშა ტალახაძესა და ძიუდოისტ ლაშა ბექაურს გადაეცათ, რომლებიც ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ.

ლაშა ტალახაძე: „სანუკვარი 500 კილოგრამის აწევას ვუახლოვდები, მაგრამ როდის, ჯერ ვერ ვიცი. იმედი მაქვს, რეალობაში მოვიყვან. მინდა, ყველა პატარა სპორტსმენს ვუთხრა, იშრომონ და მიზანს აუცილებლად მიაღწევენ“.

ლაშა ბექაური: „ქართველ გულშემატკივარს ვპირდები,რ ომ 2022 წელს ბევრ მედალს მოვიპოვებ. ხალხის დიდ სიყვარულს ვგრძნობ და ეს ძალიან მახარებს. ახალგაზრდებს ვურჩევ, რასაც აკეთებენ იმაში ჩადონ მთელი შრომა, რომელიც ყოველთვის ფასდება“.

წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი – ნინი თიბილაშვილი

წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალის ჯილდო ნინი თიბილაშვილმა მიიღო. ქართველი პარამოფარიკავე ტოკიოს თამაშებზე ვიცე-ჩემპიონი გახდა, რომელსაც ჯილდო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა გადასცა.

თინათინ ბერძენიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი: „ძალიან სპორტული და ცხელი წელი გვქონდა. განსაკუთრებით პარალიმპიადას გამოვყოფ, რადგან პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საქართველოს პირველმა არხმა შევძელით ამ ძალიან დიდი სპორტული ფესტივალის ჩვენება. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ ბევრი მაყურებელი გვყავდა. ეს გაგრძელდება და მომავალი წელი ისეთია, მგონია, სპორტულ არხად გადავკეთდებით. პარალიმპიადას მღელვარების გარეშე არ ჩაუვლია და მიმაჩნია, რომ ნინი თიბილაშვილი არის ნამდვილი ვარსკვლავი და ჩვენი ქვეყნის სიამაყე. მე სულ ვამბობ, სადაც არის საქართველო, იქ არის საქართველოს პირველი არხი და იქ არის ახლა ნინო. მადლობა იმისთვის,რაც ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთე“.

ნინი თიბილაშვილი, ოლიმპიადის პრიზიორი: „დიდი მადლობა, რომ მუდამ ჩვენს გვერდით ხართ და ჩვენს სიხარულს მუდამ იზიარებთ. მიხარია, რომ სხვებისთვის შეიძლება იყო მაგალითი. შეზღუდული შესაძლებლობების ბევრი პირია, ვინც სახლში ზის და გარეთ გამოსვლას ვერ ბედავს. ეს დროის კარგვაა. ცხოვრების ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ არა ჩემი მდგომარეობა, შესაძლოა, პიროვნულად ასეთი არ ვყოფილიყავი და ცხოვრებაში მეორე ასეთი შანსი არ მქონოდა“.