პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტმა“, ტრადიციულად, სპორტული სეზონი შეაჯამა და სხვადასხვა ნომინაციაში გამორჩეულები დააჯილდოვა.
წლის გარღვევა – საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები
„ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში წყალბურთისთვის საუკეთესო წელი იყო, პირველად ვითამაშეთ მსოფლიო ჩემპიონატზე და მოვხვდით 10 საუკეთესო გუნდში, რაც უდიდესი მიღწევაა“, – ამბობს წყალბურთელთა ნაკრების მწვრთნელი ზუკა რურუა.
ნიკა შუშიაშვილი, წყალბურთელთა ნაკრების წევრი: „რა თქმა უნდა, უფრო მეტის სურვილი გვაქვს და იმედი, რომ სულ წინ და წინ ვივლით“.
წლის გამარჯვება – საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გამარჯვება 6 ერის გუნდებთან (იტალია, უელსი)
მერაბ შარიქაძე, ბორჯღალოსნების კაპიტანი: „წელს მიზნად გვქონდა გამარჯვება იტალიასთან, თუმცა, საბოლოო ჯამში, გადავაჭარბეთ ჩვენს გეგმებს და იმედია, მომავალი წელიც ასეთი მოულოდნელი იქნება“.
წლის ლეგიონერი – დავით ნინიაშვილი (რაგბი)
„ჩემთვის 2022 წელი ისტორიული აღმოჩნდა, კლუბთან ერთად მოვიგე „ჩელენჯ ქაფზე“, ნაკრებთან ერთად კი ტიერ 1-ის ორი ქვეყანა დავამარცხეთ“.
წლის ახალგაზრდა სპორტსმენი – ლუკა მატკავა (რაგბი), გიორგი გოჩოლეიშვილი (ფეხბურთი)
ლუკა მატკავა (საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრი): „როცა უელსთან მატჩში გადამწყვეტ ჯარიმას ვურტყამდი, იმ მომენტში ვერაფერი ვიგრძენი, მაგრამ თამაშის შემდეგ ისეთი ემოციები იყო, მთელი ცხოვრება მემახსოვრება“.
გიორგი გოჩოლეიშვილი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი: „ეს წელი ძალიან დატვირთული და წარმატებული იყო ჩემთვის. 2023 წელს დიდი გამოწვევები მელოდება. ვეცდები, მას ღირსეულად გავუმკლავდე, რადგან ახალ კლუბში გადავდივარ, რთულია ახალ გარემოსთან შეგუება. ვისურვებდი, რომ ეროვნულ ნაკრებში უფრო მეტი თამაში ჩავატარო, ასევე წარმატებით ვითამაშოთ ახალგაზრდულ ევრო 2023-ზე და ქომაგი გავახაროთ“.
წლის მწვრთნელი – ლევან მაისაშვილი, ვილი სანიოლი
ლევან მაისაშვილი (საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „დიდი მადლობა საქართველოს პირველ არხს და თქვენს გადაცემას. მართლაც ფანტასტიკური წელი გვქონდა. ეს გამარჯვებები ძალიან დიდი სტიმულია მოთამაშეებისთვის, სამწვრთნელო შტაბისთვის, ამიტომ ეს შედეგი უნდა შევინარჩუნოთ. მსოფლიო ჩემპიონატი რთული იქნება, მაგრამ ეს გამარჯვებები მოთამაშებს უფრო თავდაჯერებულს გახდის“.
ვილი სანიოლი (საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „მადლობას გიხდით ჯილდოსთვის, რომელიც გულში ჩამწვდა. საოცარი წელი იყო ჩვენთვის, ეს პრიზი მინდა გავუზიარო ფეხბურთის ფედერაციას, ნაკრებს და, რა თქმა უნდა, ჩვენს გულშემატკივარს, ვინც მხარს გვიჭერდა და გვაძლიერებდა. იმედი მაქვს, მომავალი წელი არანაკლებ წარმატებული იქნება“.
წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა საქართველოში – ევრობასკეტი 2022
ზუკა კოტრიკაძე, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრი: „ამ პრიზის უკან ადამიანების მთელი არმია დგას, რომლებმაც ამ ღონისძიებას არაჩვეულებრივად უმასპინძლეს. ევრობასკეტის 4 მასპინძელი ქვეყნიდან ფიბა-მ უმაღლესი შეფასება საქართველოს მიანიჭა, ასე ვთქვათ, პირველი ადგილი დავიმსახურეთ. ეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულო და საპატიო აღიარებაა“.
„თებერვალში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები გველის და ძალიან დიდი შანსი გვაქვს, გავიდეთ ისეთ ტურნირზე, სადაც ეროვნულ ნაკრებს აქამდე არასოდეს უთამაშია. წინ რთული თამაშები გველის. აქვე ვიტყვი, რომ ევრობასკეტი 2022-მა საქართველოში მასობრიობა შემოიტანა და თუ ადრე კალათბურთში, ძირითადად, თბილისში ვარჯიშობდნენ, ახლა სპორტის ეს სახეობა რეგიონებში მასობრივი გახდა“, – ეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტის, ანატოლი ბოისას სიტყვებია.
წლის გუნდი – საქართველოს მორაგბეთა ნაკრები
წლის აღიარება – ალპინისტთა გუნდი – არჩილ ბადრიაშვილი, ბაქარ გელაშვილი, გიორგი ტეფნაძე
წლის სპორტსმენი ქალი – ეთერ ლიპარტელიანი