ტაიმაუტის ექსკლუზივი | დარია ბილოდიდი - ჩემი ოცნება ოლიმპიური ოქროს მედალია #1TVSPORT
ტაიმაუტის ექსკლუზივი | დარია ბილოდიდი - ჩემი ოცნება ოლიმპიური ოქროს მედალია #1TVSPORT

3-5 ივნისს თბილისში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართა, სადაც არაერთი ცნობილი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. 57 კგ წონით კატეგორიაში საინტერესო და დაძაბული ბრძოლა გაიმართა ეთერ ლიპარტელიანსა და დარია ბილოდიდს შორის, რომელიც დამატებითი დროის მე-10 წუთზე ქართველის გამარჯვებით დასრულდა.

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტმა“ ორგზის მსოფლიო ჩემპიონს, ორგზის ევროპის ჩემპიონსა და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსმედალოსან, 21 წლის უკრაინელ ძიუდოისტს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც ახალგაზრდა სპორტსმენმა სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა.

ადრეული წლები

სპორტით სამი წლიდან დავკავდი, დედა ოცნებობდა ტანმოვარჯიშე გავმხდარიყავი და დაახლოებით ორი-სამი წლის განმავლობაში მხატვრულ ტანვარჯიშში ვვარჯიშობდი, შემდეგ ჩემმა მწვრთნელმა პროფესია შეიცვალა, მე კი ძიუდოთი დავინტერესდი. ჩემი მშობლები ძიუდოისტები არიან, დედა გოგონების გუნდს წვრთნიდა, ერთხელ მასთან დარბაზში მისულმა ძიუდოში ვარჯიში ვცადე და იმ დღიდან სპორტის ეს სახეობა შემიყვარდა.

გამორჩეული გამარჯვება

არ აქვს მნიშვნელობა უკრაინის ჩემპიონატი იქნება, მსოფლიო ჩემპიონატი თუ უბრალო ტურნირი, ყველა გამარჯვება დასამახსოვრებელია, თუმცა მაინც გამოვარჩევდი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, როცა 17 წლის ასაკში ძიუდოში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი გავხდი. ეს გამარჯვება ჩემს ცხოვრებაში ალბათ ყველაზე ემოციურია და როცა ვიხსნებ ყოველთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო განცდებს აღძრავს.

ოცნება

ჩემი ოცნება ოლიმპიური ოქროს მედალია, ამაზე ბავშვობიდან ვოცნებობ და ასეა დღემდე. ოქროზე ოცნებაში ბრინჯაო მოვიგე – დაჯილდოების დროს ვიყავი განადგურებული, რადგან ვერ ვაფასებდი ბრინჯაოს მედალს, თუმცა დროის გასვლასთან ერთად ვაცნობიერებ თუ რამდენად ფასეულია ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი, თუ რამდენად დიდი გამარჯვება და მნიშვნელოვანი ჯილდოა სპორტსმენისთვის. ეს არის სტიმული, რომ წავიდე უფრო წინ, ავისრულო ბავშვობის ოცნება და გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი.

წონითი კატეგორია

16 წლიდან პროფესიონალთა შორის ვასპარეზობ, მაშინ ვიყავი 48-49 კგ, წლების განმავლობაში გავიზარდე, წონაც მომემატა და ჩემი სიმაღლიდან გამომდინარე წარმოუდგენლად მიმაჩნდა 48 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობა. გარკვეულ ეტაპზე არ მქონდა არჩევანი, რაკი პროფესიონალურ ძიუდოში ამ წონით გამოვჩნდი,  მოულოდნელად წონით კატეგორიას ვერ შევიცვლიდი, ახლოვდებოდა ოლიმპიური თამაშები, სხვდასხვა ტურნირები, არ მქონდა უკან დასახევი გზა, მომიწია შიმშილი, გავიუარესე ჯანმრთელობა. ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ გადავწყვიტე ორგანიზმი დამესვენებინა და მერე გადამეწყვიტა თუ რომელ წონით კატეგორიაში გამოვიდოდი, როდესაც გავხდი 57 კგ, მწვრთნელთან ერთად გადავწყვიტე რომ აღარ მინდოდა წონაში კლება, ტანჯვა და გადავწყვიტე 57 კგ წონით კატეგორიაში მეასპარეზა, რომ ყველა ტურნირზე მონაწილეობისგან სიამოვნება მიმეღო და არ ვყოფილიყავი მუდმივად მშიერი და დაღლილი.

ცრურწმენები

ტურნირებზე გასვლის წინ მქონდა გარკვეული ტრადიციები, ჩვევები, ცრურწმენები, მაგალითად, ტატამზე გასვლის წინ ყოველთვის დედას ვკოცნიდი, თუმცა ახლა ვფიქრობ მსგავს რაღაცებს ყურადღება აღარ მივაქციო, თუ ძლიერი ხარ და მზად ხარ, მსგავსი სახის ცრურწმენების გარეშეც გაიმარჯვებ.

ომი უკრაინაში

ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყიში ვრცელდებოდა ჭორები რომ ომი დაიწყებოდა, თუმცა არავის გვჯეროდა. წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა 21-ე საუკუნეში. მე ვცხოვრობ კიევთან ახლოს, 24 თებერვალს დილით  დედა შემოვიდა ჩემს ოთახში და მითხრა, რომ ომი დაიწყო. მე ვიყავი შოკში, დავიწყე ტირილი და ბარგის ჩალაგება. ყველაფერი რისი წაღებაც შევძელით მანქანაში ჩავყარეთ და დასავლეთ უკრაინის მიმართულებით წავედით. გზაში გვესმოდა აფეთქებების ხმა, ვხედავდით რომ ჩვენი სახლის ირგვლივ საომარი მოქმედებები იწყებოდა, გვქონდა შეგრძნება რომ ვერ წავიდოდით ვერც დასავლეთ უკრაინაში და დავიხოცებოდით. გვქონდა შოკი, სტრესი, შემდეგ ჩავედით დასავლეთ უკრაინაში, სადაც ორი კვირა გავატარე ვეხმარებოდი მოხალისეებს, ვხედავდი ატირებულ ადამიანებს ბავშვებთან ერთად როგორ ემშვიდობებოდნენ ქმრები, მათ ვეხმარებოდით საკვებით, გამოვხატავდით თანაგრძნობას. მქონდა საშინელი დეპრესია, არ მსურდა აღარც ვარჯიში და საერთოდ არაფერი ცხოვრებაში, თუმცა შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დედასთან ერთად ესპანეთში მანქანით წავსულიყავი. დაახლოებით სამი თვეა ესპანეთში ვარ და იქ ვვარჯიშობ, ადგილობრივი მწვრთნელები მეხმარებიან, ძალიან თბილი ხალხია, მთელი ცხოვრება მემახსოვრება თუ როგორ დამეხმარნენ ასეთ რთულ სიტუაციაში.

დახმარების სურვილი გამოთქვეს ძიუდოისტებმა სხვადასხვა ქვეყნიდან მთავაზობდნენ საცხოვრებელს, სავარჯიშო პირობებსა და ფინანსურ დახმარებასაც კი. ევროპის ქვეყნებიდან, ამერიკიდან, იაპონიიდან სპორტსმენები ვისაც ვიცნობდი და არ ვიცნობდი, ყველა ცდილობდა დამხმარებოდა. ასეთ სიტუაციაში ხვდები ვინ არის შენი მეგობარი და ვინ არა.

ქართული ძიუდო და საქართველო

ძალიან მიყვარს ქართული ძიუდო, კაცთა ნაკრები მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესია, ძლიერი სპორტული სული აქვთ და ეს სულ შთამაგონებს, რაც შეეხება ხალხს, როცა აქ ჩამოვდივარ, სულ უხარიათ ჩემი დანახვა, სადაც არ უნდა წავიდე ყოველთვის თბილად მხვდებიან.

ძალიან მინდა მთელ მსოფლიოში ადამიანებმა შეინარჩუნონ ადამიანობა, არ ჰქონდეთ ცუდი განზრახვები, რომ ყველგან იყოს მშვიდობა. უბრალოდ მინდა ყველამ მოახერხოს და დარჩეს კეთილ ადამიანად.