ტაიმაუტი | ზურაბ კახაბრიშვილი - თუ ავიცრებით, ამით არამარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს გვერდში დავუდგებით #1TVSPORT
ტაიმაუტი | ზურაბ კახაბრიშვილი - თუ ავიცრებით, ამით არამარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს გვერდში დავუდგებით #1TVSPORT

დღეს, 14 სექტემბერს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი სტუმრობდა, რომელმაც ვაქცინაციის აუცილებლობაზე ილაპარაკა.

კახაბრიშვილის თქმით, ტოკიოს ოლიმპიადამდე რამდენიმე ათეული ადამიანი და მათ შორის დელეგაციის წევრები აიცრნენ.

„სპორტის წარმომადგენლებიდან პირველი ავიცერი და მაშინაც მოვუწოდე ხალხს აცრისაკენ. მაინტერესებდა აცრის შემდეგ როგორ ვიგრძნობდი თავს, რომ შემდეგ ობიექტურად მომეწოდებინა სპორტსმენებისათვის, მწვრთნელებისათვის და ფედერაციის წარმომადგენლებისათვის, რაც ბევრმა აიტაცა. მაგრამ იმ პერიოდში ლიცენზიების პრობლემა იყო, რადგან ყოველთვის მუსირებდა აზრი იმუნიტეტის დაქვეითებასთან და წონის კლებასთან დაკავშირებით. ტოკიოს ოლიმპიადამდე სპორტის სამინისტრომ და ოლიმპიურმა კომიტეტმა ისე გავაკეთეთ, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის დელეგაციის წევრები, აცრილიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამას იაპონია არ ითხოვდა და მხოლოდ პისიარ ტესტს ითხოვდა, მაინც ავცერით სპორტსმენები, იმისათვის, რომ დაწყნარებულიყვნენ. ძალიან გამიხარდა, როცა ამას პირველი გოგიტა არქანია გამოეხმაურა, ფედერაციის პრეზიდენტთან და წარმომადგენლებთან ერთად.“

„ყველა შეჯიბრზე ახლა დაემატება კოვიდ-მენეჯერი, რომლის პასუხისმგებლობაა გადაწყვიტოს რამდენი ხნით ადრე აქვს გადატანილი სპორტსმენს ვირუსი და ამის მიხედვით უშვებენ მათ შეჯიბრებებზე. COVID-19 არსად არ წავა, შემდეგი ოლიმპიადაც მალე მოვა, შესაბამისად ვფიქრობ და მოვუწოდებ ხალხს, რომ ახალი წლისთვის ყველა უნდა აიცრას.“

ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმის თქმით, ოლიმპიადაზე ვაქცინის შედეგად ფიზიკურად შესუსტების არცერთი მაგალითი ყოფილა.

„ მონიტორინგს ვაწარმოებდი და ფიზიკურად შესუსტების არანაირი მაგალითი არ ყოფილა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს მშობლებს ვაქცინა რომ არ გაეკეთებინათ, არ ვიცი როგორ დამთავრდებოდა ყველაფერი. როცა მე ტურნირზე ვიყავი, თურმე დედაჩემი რეანიმაციაში იყო და არ მეუბნებოდნენ, ვაქცინის დამსახურებით კორონავირუსმა ნაკლებად დააზიანა მისი ფილტვები. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ექიმებს, რომლებიც ყველაზე ზრუნავენ. მეც პირადად ვაქცინირებული ვიყავი და აღმოჩნდა, რომ უსიმპტომოდ გადავიტანე. სწორედ ამიტომ ვიძახი, რომ ამით საკუთარ თავს და სხვასაც იცავ.“

კახაბრიშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას აცრისაკენ, განსაკუთრებით კი სპორტსმენებს, რომლებსაც უამრავ ადამიანთან აქვთ შეხება.

„პირველ რიგში, იმიტომ უნდა ავიცრათ, რომ მოვიხადოთ მოქალაქეობრივი ვალი, უნდა ავიცრათ ჩვენი ჯანმრთელობისათვის და ჩვენს გვერდში მყოფების დასაცავად. თუ ეს გავაკეთეთ, არამარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს დავუდგებით გვერდში.“