ტაიმაუტი | გიორგი კალატოზი - დრო მოვიდა, ბრაზილიამ და არგენტინამ თავისი სიტყვა თქვან #1TVSPORT
ტაიმაუტი | გიორგი კალატოზი - დრო მოვიდა, ბრაზილიამ და არგენტინამ თავისი სიტყვა თქვან #1TVSPORT

საფეხბურთო კომენტატორებმა გიორგი კალატოზმა და ტატო ბაციკაძემ, რომლებიც საქართველოს პირველ არხზე მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებს წაიყვანენ, გადაცემა „ტაიმაუტში“ მოახლოებულ მუნდიალთან დაკავშირებით საკუთარ მოლოდინებზე ისაუბრეს.

ტატო ბაციკაძე: „არ მიყვარს არგენტინის ფავორიტობაზე საუბარი, რამდენჯერაც არგენტინის ფავორიტობაზე იყო საუბარი, ეს ამბავი კარგად არც ერთხელ არ დამთავრებულა. მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ასე ჩანს – მით უფრო გუშინდელი ინფორმაციის შემდეგ, როდესაც საფრანგეთს ბენზემა გამოაკლდა, რაც დიდი დარტყმაა – მანამდეც რამდენიმე მნიშვნელოვან მოთამაშეს იგივე მოუვიდა. ამ ყველაფრიდან ისე ჩანს, რომ ახლა ორი მთავარი ფავორიტი არგენტინა და ბრაზილიაა. მაგრამ არ მახსენდება, მსოფლიო ჩემპიონატზე გამოკვეთილ ფავორიტს მოეგოს. ამიტომ კარგი ამბავიც არაა, ბრაზილია-არგენტინა ფავორიტები რომ არიან“.

გიორგი კალატოზი: „მე არ მჯერა ცრურწმენების, ბრაზილიას წამოღებული აქვს მრავალი თასი სხვა კონტინენტებიდან და მგონია, რომ ახლა ისაა ფავორიტი. ბოლო მსოფლიოზე სამხრეთ ამერიკის ნაკრებები დაიჩაგრნენ. ახლა დრო მოვიდა, თავისი სიტყვა თქვან. ბრაზილიამ და არგენტინამ კვალიფიკაცია საოცრად გაიარეს და ვნახოთ მათი თამაში ევროპელების წინააღმდეგ“.

მსოფლიოს ჩემპიონატი დღეს იწყება და ერთი თვე გაგრძელდება. პირველი მატჩი 19:50 საათზე დაიწყება – მასპინძელი ყატარის ნაკრები ეკვადორის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.